„პრობაციის სამართლის სახელმძღვანელო“

  ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტთა დაინტერესება პენიტენციური და პრობაციის სამსახურების მიმართ, რაც გახდა „პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს“ შექმნის მიზეზი. როგორც სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი განმარტავს, წიგნის შექმნის იდეა, 2014 წელს გამოცემული „სასჯელაღსრულების სამართლის“ წიგნის პოპულარობამ გამოიწვია (ავტორები: მორის შალიკაშვილი, გივი მიქანაძე, მაია ხასია), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მეცნიერულ […]

 

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტთა დაინტერესება პენიტენციური და პრობაციის სამსახურების მიმართ, რაც გახდა „პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს“ შექმნის მიზეზი. როგორც სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი განმარტავს, წიგნის შექმნის იდეა, 2014 წელს გამოცემული „სასჯელაღსრულების სამართლის“ წიგნის პოპულარობამ გამოიწვია (ავტორები: მორის შალიკაშვილი, გივი მიქანაძე, მაია ხასია), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მეცნიერულ წრეებში, ასევე პრაქტიკოსებსა და სტუდენტებში. საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სასჯელაღსრულების სამართლის სწავლება სწორედ ამ წიგნით მიმდინარეობს.

„პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს“ ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ევროპის საბჭოს სისხლის სამართლის თანამშრომლობის დეპარტამენტის პროექტის მენეჯერმა გივი მიქანაძემ, პრობაციის თემასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა 2014-2015 წლებში ჩაატარეს და წიგნი 2015 წლის შემოდგომაზე გამოსცეს.

კვლევა განხორციელდა და წიგნი გამოიცა ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI), გაერთიანებული მთავრობის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს ავსტრიული კომპანია „Hulla & Co. Human Dynamics KG“) დაფინანსებით.

როგორც მორის შალიკაშვილი აღნიშნავს, პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოსთვის კვლევა ორი მიმართულებით წარიმართა: არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების კრიმინოლოგიური ანალიზი.

„ბოლო წლების განმავლობაში ალტერნატიული სასჯელების გამოყენებას დიდი ყურადღება არ ეთმობოდა. „ყველა ციხეში“ – ნულოვანი ტოლერანტობის კრიმინალურმა პოლიტიკამ მძიმე დაღი დაასვა სასჯელის აღსრულების სფეროს და საზოგადოებას. ალტერნატიული სასჯელების გამოყენებისა და აღსრულების მნიშვნელობის წინ წამოწევისათვის კი აუცილებელი იყო მათი მეცნიერული კვლევა და ანალიზი“, – განმარტავს თსუ პროფესორი.

პრობაციის სამართლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალტერნატიული სასჯელების გამოყენება დამოკიდებულია აღსრულების შესაძლებლობაზე. ავტორებმა კვლევისას სხვა პრობლემებთან ერთდ ამ საკითხსაც გაუსვეს ხაზი და მათი აღსრულების მექანიზმებზე რეკომენდაციებიც მოამზადეს.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაცია სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის განმტკიცებასთან და ფსიქო სარეაბილიტაციო პროგრამების სპექტრის გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დღესაც სისტემაში არ არის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საკმარისი ადამიანური რესურსი. მათი რეკომენდაციით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც რისკის შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაზრდის საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობას.

მნიშვნელოვანია რეკომენდაცია ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლების გაუქმების თაობაზე, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს პრობაციონერებს და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულ პირთა რეაბლიტაციის პროცესის ეფექტურობის თვალსაზრისით, საინტერესო რეკომენდაციაა მათი გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში, პრობაციის სისტემის სოციალურ მუშაკთა ინტენსიური ჩართულობის აუცილებლობა იმისათვის, რომ წინასწარ მოხდეს ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასება.

„ტოკიოს წესების“ მე-20 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასევე ავტორთა რეკომენდაცია პრობაციის სისტემის რეგულარული კომპლექსური კვლევის თაობაზე, რათა დროულად მოხდეს სისტემის საჭიროებების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი პრიორიტეტების დასახვა.

სახელმძღვანელოს ავტორთა განმარტებით, პრობაციის და არა მარტო პრობაციის სამართლისთვის, ნოვატორულია შინაპატიმრობისა და ელექტრონული მონიტორინგის საკითხი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ახალ ათასწლეულში საინფორმაციო ტექნოლოგიამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი ასპექტი გარდაქმნა, მნიშვნელოვნია ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა მეტი პროდუქტიულობისათვის. ახალი კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკის სისხლის სამართლის სისტემაში თანდათან შემოსვლამ უზრუნველყო დაცვის, კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესება. განსაკუთრებით სასჯელაღსრულების, უმეტესად კი სანქციების აღსრულების პროცესში. ელექტრონული მონიტორინგის სხვადასხვა ფორმის გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარა გააუმჯობესოს ზედამხედველობა მსჯავრდებულებზე და ამგვარად შეეწყო ხელი სასჯელის ეფექტურობასა და სანდოობას. პირველ ეტაპზე შინაპატიმრობა სასჯელის სახით გამოიყენება მხოლოდ არასრულწლოვნების მიმართ, რომლის აღსრულებაც ევალება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს არასრულწლოვანს მიუსაჯოს შინაპატიმრობა 6 თვიდან ერთ წლამდე. შინაპატიმრობის მონიტორინგი ხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. ამგავარი ალტერნატიული სასჯელის სახეების დანერგვა შესაძლებელს გახდის სასჯელის აღსრულებას მოზარდის საზოგადოებისაგან, ოჯახისგან, სკოლისგან მოუწყვეტლად, რაც მისი აღზრდისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – ასეთია „პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოში“ გაწერილი რეკომენდაციები.

მორის შალიკაშვილის განმარტებით, პრობაციის სამართლის სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებისთვისა და ფართო მკითხველისათვის. წიგნის გამოიყენება სალექციო კურსის დროს, რაც სტუდენტს სიღრმისეული ცოდნის მიღების და ამ მიმართულებით სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობას მისცემს. მომავალში კი დაგეგმილია კონკრეტული ინსტიტუტების კვლევა (მაგ. პრობაციის სამართლის), რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით სამაგისტრო ნაშროების დაწერას და დარგის განვითარებას.

 

წყარო იხილეთ ბმული

დატოვე კომენტარი