ესმა გუმბერიძე | არაფორმალური განათლების მნიშვნელობა

  რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება და განსაკუთრებით სკოლაში მოსწავლე ბავშვებისთვის, რომ სკოლიდანვე დაიწყონ ტრენინგებში, კონკურსებში, კონფერენციებში მონაწილეობა? პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლა ვერ იქნება ძალიან დემოკრატიული და ვერც ე.წ ცალობით, ანუ ინდივიდუალურ განათლებაზე ორიენტირებული. სკოლა ხომ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, სახელმწიფოს რესურსები კი შეზღუდულია, შესაბამისად მასწავლებელთა შედარებით მცირე ოდენობაზე ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის. შესაბამისად […]

 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება და განსაკუთრებით სკოლაში მოსწავლე ბავშვებისთვის, რომ სკოლიდანვე დაიწყონ ტრენინგებში, კონკურსებში, კონფერენციებში მონაწილეობა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ სკოლა ვერ იქნება ძალიან დემოკრატიული და ვერც ე.წ ცალობით, ანუ ინდივიდუალურ განათლებაზე ორიენტირებული. სკოლა ხომ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, სახელმწიფოს რესურსები კი შეზღუდულია, შესაბამისად მასწავლებელთა შედარებით მცირე ოდენობაზე ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის. შესაბამისად მათი განათლება ძალაუნებურად ინდუსტრიულად, კონვეერის წესით, ხდება და მოხდება. არაფორმალური განათლების შემთხვევაში კი როგორც წესი, მონაწილეთა ოდენობა შეზღუდულია და მათზე პროპორციულად ყოველთვის უფრო მეტი მენტორი მოდის, ვიდრე– ფორმალური განათლების ინსტიტუციაში (სკოლა, პროფ. სასწავლებელი, უნივერსიტეტი და ა.შ.). შესაბამისად ცალკეულ მონაწილეს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ამასთან, სასკოლო კლასები ძალიან არაჰომოგენურია: იქ მყოფ მოსწავლეებს ძალზე განსხვავებული ინტერესები, შესაძლებლობები, საცხოვრებელი/სოციალური გარემო აქვთ, შესაბამისად მასწავლებელს უწევს, გაკვეთილი ყველასთვის მისაწვდომად, მისაწვდომ დონეზე წარმართოს, რა დროსაც რთულია ყველა მოსწავლისთვის იმის ინდივიდუალურად მიცემა, რაც მას სჭირდება და რისი ათვისებაც შეუძლია.

არაფორმალური განათლების დროს კი კონკრეტულ ღონისძიებაზე მოდიან მხოლოდ კონკრეტული საკითხით დაინტერესებული მონაწილეები, რომლებსაც ამ საკითხის/უნარის დაუფლების უფრო მეტი მოტივაცია აქვთ, შესაბამისად არაფორმალური განათლების ჯგუფები უფრო ჰომოგენურია საჯარო სკოლებთან შედარებით და იქ უფროა შესაძლებელი ტრენინგის მორგება ინდივიდ მონაწილეთა საჭიროებებზე. ამასთან ვინაიდან საშუალო განათლება სავალდებულოა, მასწავლებელს/სკოლას გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არ შეუძლიათ იმ მოსწავლის სკოლიდან/გაკვეთილიდან გაშვება  და თავიდან მოშორება, რომელსაც გარკვეული საგნის/დისციპლინის ან საერთოდ სკოლაში სწავლა არ უნდა, არაფორმალური განათლების პირობებში ვინაიდან ის მონაწილეთა ნებაყოფლობაზეა დამოკიდებული, მონაწილეებსაც თავისუფლად შეუძლიათ მასში მონაწილეობის შეწყვეტა, თუკი მოტივაცია აღარ ექნებათ და ღონისძიების წარმმართველებსაც შეუძლიათ მონაწილის პროექტიდან გაშვება. შესაბამისად არაფორმალური განათლების ღონისძიებებში რჩებიან ძირითადად მხოლოდ ჭეშმარიტად, ნამდვილად დაინტერესებული ადამიანები, მითუმეტეს, რომ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, სადაც ნებისმიერი მოსწავლე ყოველგვარი კონკურსის, უნარებისა თუ მოტივაციის დასაბუთების გარეშე იღებენ, არაფორმალური განათლების ინსტიტუციები მონაწილეებს არჩევენ საკონკურსო წესით, შესაბამისად ყოველ პროექტზე „რჩეულნი“ ხვდებიან, რომელთაც ამ რჩეულობის განცდისა და პროექტში მონაწილეობისთვის გაღებული ძალისხმევის გამო მოტივაცია კიდევ უფრო ეზრდებათ და პროექტში მონაწილეობას კიდევ უფრო აფასებენ.

არაფორმალური განათლების პროექტებში გარემო ყოველთვის უფრო თანასწორობაზე, მეგობრულობასა და ინდივიდი მონაწილის შეფასებაზე/აზრზე არის ორიენტირებული. და ბოლოს, ვინაიდან არაფორმალური განათლების ინსტიტუციებს შორის გაცხოველებული კონკურენცია მძვინვარებს, ისინი ცდილობენ მონაწილეთა დაინტერესებასა და მათი იდეების/შეფასებებისა და წინადადებების გათვალისწინებას, მაშინ როცა საჯარო სკოლებმა იციან, რომ მათ მოსწავლეები მაინც ეყოლებათ და მომხმარებელი მათ ვერ დასჯით, რადგან ფორმალური განათლება სავალდებულოა და ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ, თუ არა შვილების სკოლაში მიყვანა. თუკი ვინმე გადაწყვეტს შვილის კერძო სკოლაში მიყვანას, ეს უკეთესიცაა საჯარო სკოლისთვის: ნაკლები ხარჯი და ზრუნვა. შესაბამისად ფორმალური განათლების ინსტიტუციები ნაკლებად ცდილობენ მოსწავლეთა მოსაზრებების, იდეებისა და სურვილების გათვალისწინებას. არ არიან იძულებულნი, არ სჭირდებათ ეს არსებობის შესანარჩუნებლად. კიდევ ერთი რამ.

არაფორმალურსაგანმანათლებლო აქტივობები არის კიდევ ერთი ადგილი მნიშვნელოვანი ადამიანების გასაცნობად, რომლებთანაც მომავალში შეძლებენ თანამშრომლობას. ტრენინგებზე, კონკურსებზე, კონფერენციებზე ხშირად მოდიან ტრენერებად ჟიურის წევრებად ან მომხსენებლებად სხვადასხვა ექსპერტები, პროფესიონალები თავიანთ სფეროში, რომლებიც მონაწილეთა აქტიურობის, მოტივაციისა და აზროვნების დანახვის შემთხვევაში შესაძლოა, დაინტერესდნენ მათი სხვა პროექტებში ჩართვით, დასაქმებით და მისთ. ანუ არაფორმალური განათლების პირობებში ხდება კონტაქტების, ნაცნობების შეძენა, რაც აუცილებელია დღევანდელ რეალობაში. “it’s not what you know, I’ts who you know”- ეს ამერიკული ანდაზაა და არა– ქართული, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს და ნიშნავს, რომმ ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია არა დასასაქმებელი/დასაწინაურებელი პირის მშრალი აკადემიურ–პროფესიული უნარები/კვალიფიკაციები, არამედ– მისდამი პირადი ნდობა, რაც მხოლოდ ნაცნობობის შემთხვევაში მოდის, გავლენიანი ბიძები კი ყველას არ გვყავს. სწორედ მსგავს ნახევრადსაქმიან კონტაქტებს შეუძლიათ გარკვეულწილად „პატრონი“ ნათესავების არარსებობის დაკომპენსირება, იმიტომ რომ ყოველთვის მოდის მომენტები, როცა არცერთი ნათესავი და მეგობარ–ახლობელი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად არ გამოდგება და აი მაშინ იწყებენ სხვადასხვა შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რენინგებზე, ლექციებზე, მოხალისეობასა და სტაჟირებებზე გაცნობილი ახალგაზრდების გახსენებასაც.რა თქმა უნდა, ჩვენი მამა თეგეტა მოტორსის დამფუძნებელი თუა, ჰარვარდის ბიზნესსკოლა თუ გვაქვს დამთავრებული და მისთ. ამას არაფერი ჯობია, იოლი წინსვლა გარანტირებული გვაქვს, მაგრამ აი თუ არ გვაქვს ეს ყველაფერი, მაშინ… ამიტომ ინიციატივიანობის, ლიდერული უნარჩვევებისა და კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად აუცილებელია არაფორმალურსაგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და მონაწილეობა სკოლიდანვე.

დატოვე კომენტარი