ესმა გუმბერიძე | შშმ პირები

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, საზოგადოების მხრიდან ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო რამე ნეგატიურ დამოკიდებულებებს ხომ არ ვაწყდები ან რამე აშკარად ნეგატიური ემოციების გამოვლენას ჩემ მიმართ ხომ არ აქვს ხოლმე ადგილი. მე კიდევ გაკვირვებული ვპასუხობდი ხოლმე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, შშმ პირები ხომ ისეთი ჯგუფია, რომლის მიმართ არა იმდენად აგრესიაა საზოგადოებაში, რამდენად შეცოდება, ნაკლულად აღქმა და ამის გამო […]

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, საზოგადოების მხრიდან ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო რამე ნეგატიურ დამოკიდებულებებს ხომ არ ვაწყდები ან რამე აშკარად ნეგატიური ემოციების გამოვლენას ჩემ მიმართ ხომ არ აქვს ხოლმე ადგილი. მე კიდევ გაკვირვებული ვპასუხობდი ხოლმე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა, შშმ პირები ხომ ისეთი ჯგუფია, რომლის მიმართ არა იმდენად აგრესიაა საზოგადოებაში, რამდენად შეცოდება, ნაკლულად აღქმა და ამის გამო მათი შესაძლებლობების უგულებელყოფა, ასე მეგონა კარგა ხანს. კი, ხდება ხანდახან, რომ თუნდაც ჩემი თანატოლებისგან ვგრძნობ, რომ ისინი ჩემზე უფროსები, აღმატებულები არიან; რომ შშმ პირი მუდმივი „არასრულწლოვანია“; ისეთიც ყოფილა, რომ სავსე, გადატენილ დარბაზში ჩემს გვერდით, მთელ რიგში სიცარიელე ყოფილა. მაგრამ ვინმეს პირდაპირ რომ დავეცინე, ან შეურაწყოფა მიეყენებინა, ასეთი არ მქონია. მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ თურმე ასეთებიც ხდება; რომ თურმე ქუჩაში მარტო მიმავალი ეტლით მოსარგებლე შეიძლება, სკოლის მოსწავლეებმა გალანძღონ და „ქვეშაფსია ინვალიდი“ უწოდონ, შემდეგ კი, როცა ამ ეტლით მოსარგებლეს სხვა მოსწავლეები გამოესარჩლებიან, შეურაწყოფის მიმყენებლებმა თავიანთ მშობლებს დაუძახონ თავიანთ თანატოლებთან საქმის გასარჩევად და შვილების „თავდასაცავად“ და იმ მშობლებს კიდევ თურმე რომ შეძლებიათ იმის თქმა, რომ  „დიახაც, ინვალიდია და ქვეშაფსია და სხვა აბა რა უნდა ეწოდებინათ“ და რომ საერთოდ „ვაკელები არიან და ეგეთი თემები და გარეუბნულ–პროვინციული დამოკიდებულებები და განაზებები არ აინტერესებთ“. მაგრამ რა გასაკვირია ბავშვების ასეთი დამოკიდებულება, მშობლებიც რომ უჭერენ ამას მხარს და მხარს უბამენ; რა გასაკვირია, როცა ზრდასრული ოფისებში მომუშავე ადამიანები თავიანთ ფართის გამქირავებელს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან ამავე ბიზნეს შენობაში ჩვენს მეზობლად განთავსებული ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვების დღის ცენტრი მოგვაშორეთ ან თქვენთან ქირავნობის ხელშეკრულებას გავწყვეტთ და ერთი კლიენტის დაკარგვა გერჩივნოთ მრავალის დაკარგვას. აქ თანამშრომლებსა და კლიენტებს ნუ გვიფრთხობენ. და ეს თბილისში, „ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქში“ ოფისებში მომუშავე ინწელექტუალების მიერ. ან როცა რეგიონში აპროტესტებს მოსახლეობა შშმ პირთათვის დღის ცენტრის გახსნას, ჩვენს ბავშვებს ნუ გვისტრესავთ და ყოველდღე „ამათ ნუ გვაყურებინებთო“. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა შეიძლება, მათი სახლის მეზობლად, პირდაპირ, ცხოვრობდეს ნარკომოვაჭრე და მათს შვილებს ყოველდღიურად ასმენინებდეს, ტელეფონში როგორ ურეკავენ და „შეკვეთებს“ როგორ აძლევენ და მას არ უჩიოდნენ არსად, მას ხომ შეიძლება, ძალოვნები მფარველობდნენ ან კრიმინალები, ის ხომ უფრო ძლიერი და საშიშია, ვიდრე– შშმ პირები და მათი მშობლები. აბა ასეთ ოჯახებსა და გარემოში გაზრდილი ბავშვები არ უწოდებენ  „ქვეშაფსიას“ იმას, ვინც მათზე სუსტად, მათზე მოწყვლადად ეგულებათ.

მაგრამ აი, ისეთი ბავშვებიც რომ იზრდებიან, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, აფიქსირებენ თავიანთ სოციალურ პოზიციას და მხარში უდგებიან შეურაწყოფამიყენებულს და შეურაწყოფის მიმყენებელ თანატოლებს მიუთითებენ და მათგან იცავენ ადამიანებს, აი ეს ანათებს და გაანათებს ამ ქვეყანას. სწორედ ასეთი ბავშვები, ადამიანის გამოსარჩლების რომ არ ეშინიათ თუნდაც პატარა ასაკში, ამას პატარა ასაკიდანვე რომ არიან მიჩვეულნი, რომ შეუძლიათ, ქუჩაშიც, ადგილზეც გამოესარჩლნენ ადამიანს და შემდეგ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიაც მოაწყონ და საზოგადოებისთვის აქტუალური გახადონ, სწორედ ისინი არიან წინსვლისა და გაუმჯობესების იმედის მატარებლები. კი, ისინი შედარებით ცოტანი არიან. მაგრამ სწორედ ასეთი გამბედავი, პოზიციის მქონე აქტიური ადამიანები ხდებიან ხშირად გადაწყვეტილების მიმღებნი მომავალში და მოიპოვებენ ხოლმე შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ პროცესებზე, იმიტომ რომ თანაბარი შესაძლებლობის იდეა არამხოლოდ ქველმოქმედებაა, არამედ ის იძლევა ყველანაირი ადამიანური რესურსის საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენების შესაძლებლობას.

დატოვე კომენტარი