სოფიო კუბლაშვილი: ძალადობა ქალთა მიმართ

მე მუდმივად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, თანაც ყოველთვის ყურის დაცობის გარეშე. ძირითადად ვუსმენ მგზავრებს, თვითონ იშვიათად ვსაუბრობ. ტრანსპორტი  უკიდურესი გულწრფელობის გამოხატვის ადგილია. აქ ამბებისადმი დამოკიდებულება, ემოცია თუ განცდა სახეშეუცვლელადაა გადმოტანილი და გაზიარებული. აქ სრულიად უცნობები ერთმანეთს საიდუმლოებებს უმხელენ იმედით, რომ აღარასდროს შეხვდებიან. აქ არავის ემალებიან და არც არავის წინაშე თვალთმაქცობენ. ამიტომაც მჯერა იმ ხალხის და თამამად […]

მე მუდმივად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, თანაც ყოველთვის ყურის დაცობის გარეშე. ძირითადად ვუსმენ მგზავრებს, თვითონ იშვიათად ვსაუბრობ. ტრანსპორტი  უკიდურესი გულწრფელობის გამოხატვის ადგილია. აქ ამბებისადმი დამოკიდებულება, ემოცია თუ განცდა სახეშეუცვლელადაა გადმოტანილი და გაზიარებული. აქ სრულიად უცნობები ერთმანეთს საიდუმლოებებს უმხელენ იმედით, რომ აღარასდროს შეხვდებიან. აქ არავის ემალებიან და არც არავის წინაშე თვალთმაქცობენ. ამიტომაც მჯერა იმ ხალხის და თამამად ვიმეორებ უტყუარ ამბებს.

სასაუბრო თემებიც შერჩეულია, მხოლოდ აქტუალური და დრამატული, მხოლოდ ის, რის შესახებაც კეთილგონივრული განსჯა და გადაწყვეტა მართებს მათ, ვინც კერძო ავტომობილებით მგზავრობს, ერთკაციან ოთახებში სხედან მაღალ წრიულად მბრუნავ სავარძლებზე და ჰალსტუხი კონიაკის ჭიქაში ულბებათ.

ძალადობაც სატრანსპორტო თემაა, ანუ სახალხო.

–ბიჯო, ქალს თავზე რავა დევიჯენ?! – თავმომწონედ ახმიანებს შაუხნის მამაკაცი მგზავრებს შორის.

–ახლა თუ ევროპაში გყავს გაშვებული და შენ წამოწოლილი უცდი, ფულს როდის გამოგიგზავნის, მაშინ უნდა ეიტანო და მის ჭკუაზეც უნდა იარო. – უკვე დამრიგებლური ტონთან ერთად ლოგიკური  მახვილებიც დაურთო სიტყვებს ექსპრესიისთვის და დამდენიმე მსმენელსაც თავი დააქნევინა თანხმობის ნიშნად.

ნამდვილად მოძალადე ცოლებზე იყო ბრაზმორეული, ან შრომისუუნარო ქმრებზე, ან უპასუხისმგებლო გულგრილ კაცებზე, ან დამცირებულ, შეურაცხყოფილ, გზასაცდენილ, პატივაყრილ ქალებზე, ან უსარგებლო მთავრობაზე, ან გაჭირვებაზე, ვალუტის კურსზე თუ სავიზო რეჟიმზე… არ მიკითხავს იმ კაცისთვის. წინასწარვე ვიცოდი, რას მიპასუხებდა ნიკოტინით ჩაყვითლებული ორი კბილიანი პირითა და ბოღმისგან დაბრეცილი ტუჩებით.

მე ამას ძალადობას ვარქმევ.

არ ვისაუბრებ მამაკაცების მიერ უხეშ და მომრეობით ქცევაზე ქალების მიმართ, არც ოჯახურ კომფლიქტებზე, არც სოციალურ სიდუხჭირეზე…

მე მაღელვებს ქალთა საკუთარი თავის მიმართ ძალადობა და ამ სახით ნაძალადევი ქალების მხრიდან მამაკაცებისკენ მიმართული დაუოკებელი აგრესიული ისტერიკა. ასე განპირობებული  გარემო ააქტიურებს ცხოველურ თავდაცვით ინსტიქტებს  და ადამიანს ქცევისა თუ ემოციების რეგულაციის უნარს აკარგვინებს. მხოლოდ თავდასხმა თავდაცვისთვის – შეურაცხყოფის, დაცინვის, დამუქრების, შეშინების, ცემის, სიმთვრალის, დამცირების, დაბეჩავების, ჭრილობისა და ტყვიის წილ.

სანამ სავალალო შედეგების სტატისტიკას გამოვითვლით, მიზეზებს დავადგენთ და პრევენციის გზებს დავსახვათ, სანამ ხელისუფლებას და სასამართლოს დავადანაშაულებთ უფულობისთვის და უსამართლობისთვის, სანამ შვილებს მომავალს გავუუფერულებთ ან უშვილოდ დავიხოცებით, ქალებო, ერთხმად ვაღიაროთ, რომ

ჩვენ უხეშად ვეპყრობით ჩვენს სილამაზეს, როცა ჩამოვაფარებთ ხოლმე სევდას!
ჩვენ აგრესიას ვიჩენთ საკუთარი სხეულის მიმართ, როცა ფორმას ვუკარგავთ!
ჩვენ ვცემთ საკუთარ თითებს, როცა ჯაფას დავაჩნევთ და მოფერებისთვის აღარ ვიყენებთ!
ჩვენ ვბრაზობთ საკუთარ სულიერებაზე, როცა ვშორდებით კულტურას, ხელოვნებას, მუსიკას, სპორტს…!
ჩვენ ვკლავთ საკუთარ ორგანიზმს, როცა არ ვიკვებებით სწორად და ჯანსაღად!
ჩვენ ვემუქრებით და შანტაჟს ვუწყობთ ჩვენსავე მომავალს, როცა გვეკარგება ის ,,მე”, რომელმაც თავი დააღწია დამთრგუნველ სხეულს და წინ გაგვისწრო, ჩვენ კი აღარ ვეძებთ მას, აღარ ვიბრუნებთ!
ჩვენ ვიკეტებით და ვემწყვდევით საკუთარ აწმყოში, როცა უიმედობა გვიპყრობს და არაფერს ვცვლით, როცა წინ, ახალი მიზნებისკენ, არ ვიხედებით და ვეგუებით ,,ბედს”!
ჩვენ ვართ მსხვერპლი, როცა მორჩილად ვიღებთ უსიყვარულობას და ვთანხმდებით ვნების გარეშე ცხოვრებას!
ჩვენ ვანადგურებთ ჩვენსავე პიროვნებას, როცა ვითმენთ უპატივცემულობას!
ჩვენ ვიკლავთ თავს, როცა ვირჩევთ მარტოობას!
ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ,,თავს”, სტრესი მოირიოს!

ჩვენ ვაჩიავებთ ღირსებას, როცა თვითრეგულაციას არ ვსწავლობთ და ვერ ვმშვიდდებით!

ჩვენ ვიავადებთ თავს, როცა სნეულებას მკურნალობით არ ვამარცხებთ!
ვერ ერთი მამაკაცი ვერ იძალადებს ჯანმრთელ ბედნიერ ქალზე, ყველა მოძალადე მამაკაცი უსუსურია!

ეს მინდოდა, მეთქვა…

არავითარი ბრჭყალები ამ კონტექსტში სიტყვისთვის – ძალადობა!

სოფიო კუბლაშვილი
ფილოლოგი. ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი. სპეციალური პედაგოგი.

 

დატოვე კომენტარი