ესმა გუმბერიძე | როგორ მივაღწიოთ წარმატებას

ზოგადად არ მიყვარს რეცეპტების გაცემა, მაგრამ მთხოვეს ერთგან და ბარემ აქაც დავდებ. ეს უბრალოდ ჩემი, როგორც ერთი სტუდენტის, მოსაზრებებია იმის შესახებ, თუ რა პრინციპებით შეიძლება, იმოქმედოს ადამიანმა იმისთვის, რაღაც რომ გამოვიდეს მისგან ცხოვრებაში, თორემ ყველასთვის ეს მაინც ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა სინამდვილეში ადამიანს. როცა ადამიანი შეგნებულად გაიაზრებს, თუ რა უნდა მას, […]

ზოგადად არ მიყვარს რეცეპტების გაცემა, მაგრამ მთხოვეს ერთგან და ბარემ აქაც დავდებ. ეს უბრალოდ ჩემი, როგორც ერთი სტუდენტის, მოსაზრებებია იმის შესახებ, თუ რა პრინციპებით შეიძლება, იმოქმედოს ადამიანმა იმისთვის, რაღაც რომ გამოვიდეს მისგან ცხოვრებაში, თორემ ყველასთვის ეს მაინც ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა სინამდვილეში ადამიანს. როცა ადამიანი შეგნებულად გაიაზრებს, თუ რა უნდა მას, ის ამ გადაწყვეტილების შედეგებზეც აიღებს პასუხისმგებლობას, რის გამოც თავსაც უკეთ იგრძნობს, გაუადვილდება კიდეც თავისი გადაწყვეტილების თუნდაც უსიამოვნო შედეგების მომკობა და რაც მთავარია, სხვას არ დაადანაშაულებს, არ დაიბოღმება.

  1. გამოდით კომფორტის ზონიდან! თუ ამას ვერ შეძლებთ, თქვენს ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ შეიცვლება და ერთ ადგილზე დგომა ხშირად უკან დახევას ნიშნავს!
  2. თითოეული, ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას შესაძლოა, მოსდევდეს/მოყვებოდეს/ებმოდეს ათასობით სხვა შესაძლებლობა, ამიტომ ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება შესაძლოა, ნიშნავდეს უარს იმ ყველა ათასობით შესაძლებლობაზე, რომელიც მას მოყვებოდა და პირიქით ერთი შესაძლებლობის გამოყენება შეიძლება, ათასი ახალი შესაძლებლობის/კარის გახსნას ნიშნავდეს.
  3. ამავდროულად არც წარმატება და არც წარუმატებლობა ერთ დღეში არ მოდის. ორივე არის ან მრავალწლიანი შრომისა და ყოველი შესაძლებლობის გამოყენების, ანდა მრავალწლოვანი სიზარმაცის, გაუბედაობისა და შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შედეგი.
  4. თუ ადამიანი პირადად არ არის წარმატებული, წინ მოსიარულე, თვითრეალიზებული, ის ვერასდროს შეძლებს სხვების დახმარებას და სხვებისთვის სასარგებლო ადამიანად ყოფნას, ამიტომ იზრუნეთ თქვენს წარმატებაზე. ნუ გგონიათ, რომ თქვენს წარმატებაზე ზრუნვა არის ეგოიზმი. წარუმატებელი, სუსტი, დაკომპლექსებული და თავის თავში/პატარა ვიწრო სამყაროში ჩაკეტილი ადამიანი სხვებს ვერ დაეხმარება!
  5. იცოდეთ დროის ფასი, მაგრამ ერთი რომელიმე შესაძლებლობის გაშვების გამო სხვებზე გულს ნუ აიცრუებთ. თქვენს ცხოვრებაში კიდევ მრავალჯერ მოგეცემათ შანსი, მთავარია, შეძლოთ რაც შეიძლება, მეტი ასეთი შანსის გამოყენება.
  6. თუ ყველაფერში ვერ გაიმარჯვებთ, ეს არ ნიშნავს, რომ წარუმატებელი, უვარგისი და დამარცხებული ადამიანი ხართ. ეს ყოველთვის იმასაც კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც შეგეძლოთ, ვერ გააკეთეთ. უბრალოდ ადამიანები მაინც ყოველთვის სუბიექტურად აკეთებენ არჩევანს, ამიტომ ხანდახან ძალიან კარგი კანდიდატიც რჩება ხოლმე შეუმჩნეველი. ამას უნდა შეეჩვიოთ და განაგრძოთ. ყველა შესაძლებლობა თქვენი ვერ იქნება.
  7. პროფესიის არჩევისას იმაზე კი ნუ იფიქრებთ“ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ“, არამედ იმაზე– თუ რისი კეთება მოგწონთ და გინდათ და გაინტერესებთ. მაგ. თუ სისხლის გეშინიათ, ექიმი ვერ გამოხვალთ, ძალიანაც რომ გინდოდეთ. თუ საჯაროდ საუბარი, წერა და კითხვა არ გიყვართ, იურისტი ვერ გახდებით იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, ეს პროფესია თქვენი ყურისთვის სასიამოვნოდ ჟღერდეს.
  8. ისწავლეთ უცხო ენები კარგად, მხოლოდ ინგლისური საკმარისი არ არის, სხვა ევროპული ენებიც (გერმანული, ფრანგული, მაგალითად).
  9. ვინაიდან ზუსტად ვერასდროს გავიგებთ, თუ რა უნდათ სხვებს, უნდა გავიგოთ, თუ სინამდვილეში რა გვინდა ჩვენ და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ
  10. ყველაფერი, რასაც მივაღწევთ, რასაც გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ, არის ჩვენთვის პირველ რიგში და არა– ჩვენი მშობლების, ახლობლებისა თუ საზოგადოებისთვის. ამიტომ თუკი ჩვენთვის სასარგებლო რაღაცას არ გავაკეთებთ გარშემომყოფების ჯიბრზე ანდა მათი შიშით, ეს ისევ ჩვენ დაგვაკლდება და არა– იმ საზოგადოებას. შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს. ამიტომ თუკი ჩვენ დავყრით ფარხმალს, ხელს ჩავიქნევთ, სახლში და ჩვენს თავში ჩავიკეტებით, საზოგადოება ამით არ დაზარალდება, დავზარალდებით მხოლოდ ჩვენ, საზოგადოებაში კი მოიძებნება ათასობით ადამიანი, რომელიც ჩვენ ჩაგვანაცვლებს, ჩვენს ფუნქციას შეასრულებს. ამიტომ ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო რაღაცის გაკეთებისგან თავის შეკავებით მხოლოდ ჩვენს თავს დავაზარალებთ და ჩვენვე გაგვიხდება სანანებელი.
  11. ყველაზე სასიამოვნო ადამიანისთვისაა ის, როცა მას შეუძლია სხვების დახმარება, სხვებისთვის სასარგებლოდ ყოფნა, მაგრამ ამას უნარები სჭირდება, ამიტომ ნუ მოგვაკლდეს გამბედაობა და შრომისმოყვარეობა, რომ ეს უნარები გამოვიმუშავოთ.
  12. ერთისმხრივ უძლურად ჯდომა ძალიან მარტივია. ყველაფერში სხვებს ადანაშაულებ, შენ იდეალური ადამიანი გგონია საკუთარი თავი, მსხვერპლი, რომელიც უსამართლოდ იჩაგრება, მაგრამ ამავდროულად ეს ძალიან რთულიცაა, იმიტომ რომ ადამიანისთვის უძლურობის, უსუსურობის განცდა არის დამანგრეველი და მისი ფსიქიკისთვის დამთრგუნველი, მისი პიროვნულობის გამანადგურებელი. ამიტომ ყველაფერს ვუყუროთ პირდაპირ: ვერ გავიმარჯვე? არ ამარჩიეს? ე.ი მე ვერ გავაკეთე რაღაც. თუკი ძალიან გვინდა რაღაცის გაკეთება/მიღწევა, ნუ ვკონცენტრირდებით ამის მიღების/მიღწევის გარე ხელშემშლელ ბარიერებზე (ჩვენი სოციალური მდგომარეობა, ნაცნობის არყოლა, შეზღუდული შესაძლებლობა) არამედ ვკონცენტრირდეთ ჩვენს შინაგან ბარიერებზე, რომლებიც შესაძლოა, ხელშემშლელი აღმოჩნდეს (მაგ. რაღაც უნარების ნაკლებობა, გაუბედაობა, საქმეში ჩადებული არასაკმარისი შრომა და მონდომება). მართალია, სწორედ გარე ბარიერები უშლიან ხოლმე ხშირად ხელს ჩვენს წარმატებას, მაგრამ თუკი ჩვენ მათზე ვიფიქრებთ, მათ გავითვალისწინებთ, წარმოვიდგენთ ხოლმე უარესს, მაშინ შეიძლება, ადგილიდან ვერასდროს დავიძრათ, ისეთ დეპრესიაში შეიძლება, ჩაგვაგდოს ამაზე ფიქრმა. ვკონცენტრირდეთ იმაზე, ჩვენ რა ვერ გავაკეთეთ და არა იმაზე, „იმათ რა ვერ/არ გააკეთეს ანდა პირიქით გააკეთეს, ვინ ყავდათ ზურგს უკან, რა ჰქონდათ და ა.შ.“
  13. ნაცნობების შეძენაც შეიძლება. მართალია, იმათ, ვისაც გავლენიანი ნათესავები/ახლობლები ყავთ, შეიძლება, ბუნებრივად გაუმართლათ, მაგრამ შესაძლოა, შენი თავით დააინტერესო სრულიად უცხო ადამიანებიც, თუკი ისინი საქმეში დაგინახავენ. ამიტომ არ გაუშვათ ხელი ადამიანების საქმიან გარემოში გაცნობის შესაძლებლობები (ტრენინგები, კონფერენციები, კონკურსები, მოხალისეობა, სტაჟირება).
  14. ხშირად ელაპარაკეთ საკუთარ თავს. ის თქვენთვის ყველაზე კარგი მრჩეველია. რა მოგწონთ თქვენს ცხოვრებაში, რა– არა; სხვა ადამიანების ქცევაში; რატომ გრძნობთ იმ ადამიანის მიმართ ამა თუ იმ ემოციას; კითხეთ თქვენს თავს, ხომ არ ირიდებთ თავიდან რაიმეს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დამატებით დროსა და ძალისხმევას ითხოვს თქვენგან. თუ კი, ეს სიზარმაცეა და მას არ უნდა აყვეთ.
  15. იყავით პატიოსნები თქვენი თავის წინაშე. ნუ ატყუებთ საკუთარ თავს, ეს ყველაზე მავნებელია. თქვენს თავთან ყოველთვის იყავით ბოლომდე გულახდილები, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ეს.
  16. როცა მშობლები დაინახავენ, რომ თქვენ „სწორ“ არჩევანს აკეთებთ, ანუ იმ გზით მიდიხართ, რომელიც შრომას, ძალისხმევას, დროს და ენერგიას მოითხოვს თქვენგან, და არამხოლოდ ფულს იმათგან, ისინი თქვენ უფრო მეტ პატივს გცემენ, მეტად გენდობიან და მეტ თავისუფლებასაც მოგცემენ, დაინახავენ რა, რომ თქვენ თქვენსა და ოჯახის მომავალზე და აწმყოზე ფიქრობთ.
  17. ხელიდან არ გაუშვათ მოგზაურობის შესაძლებლობა, იმიტომ რომ შეიძლება, ის აღარასდროს მოგეცეთ და იმიტომაც, რომ შეიძლება, ის სხვებს არ ჰქონდეთ. მოგზაურობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკარგესი შესაძლებლობაა.
  18. ნუ მოგერიდებათ ადამიანებისთვის დახმარების თხოვნა, როცა ის მართლა გჭირდებათ, მაგრამ არასდროს ითხოვოთ ის, რაც არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ერთისმხრივ დახმარება ყველა ადამიანს სჭირდება, ვერავინ ვერ იცხოვრებს სრულიად მარტო, სხვების დახმარების გარეშე, დახმარება ხშირად ადამიანების გაცნობის კიდევ ერთი გზაცაა. მაგრამ ამავდროულად სხვათა დახმარებით ბოროტად სარგებლობამ შესაძლოა, თქვენს გარშემომყოფები დააფრთხოს.
  19. ცხოვრებაში თითქმის არ არსებობს „ერთი გადამწყვეტი მომენტი“. ასეთი მომენტი მრავალია, ასე რომ თუ ხელიდან ერთი გაუშვით, ყოველთვის არსებობს გამოსავალი.
  20. ვინაიდან რაღაც მომენტში უსინათლოს უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება სოციალური წინსვლისთვის, ანუ ადამიანების დამეგობრებისთვისაც და რაიმე პროფესიული უნარის გამომუშავებისთვისაც, ამ ორს შორის შეიძლება, მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება. მართალია, სოციალური ურთიერთობები არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ პროფესიული–აკადემიური უნარების განვითარება პრეორიტეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს ჩვენს კონკურენტუნარიანობას დიდ საზოგადოებაში, ეს კი სხვა ადამიანებსაცუფრო ადვილად მოიზიდავს ჩვენკენ, გააკვირვებთ და მოეწონებათ რა ჩვენი პროფესიონალიზმი და ის, რომ მოაზროვნე არსებები ვართ და გაუჩნდებათ რა ჩვენ მიმართ ინტერესი და პატივისცემა.
  21. ნუ გეშინიათ შეშინების. კი ჟღერს უცნაურად, მაგრამ შიში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე, არ ვაკეთებთ რაღაცას დაუფიქრებლად. თუ გვეშინია, ე.ი ვფიქრობთ. შიში გააზრებულობისა და დაფიქრების ნიშანია. მთავარია, ჩვენს თავთან ვაღიაროთ, რომ გვეშინია და კონკრეტულად რისი გვეშინია, შემდეგ კი დავძლიოთ ეს შიში, მივიღოთ იმ საშიში შედეგების დადგომის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭირო ზომები, გადავაბიჯოთ მას, ვილოცოთ, მაგრამ საქმე მაინც გავაკეთოთ.
  22. ცხოვრებაში უამრავ უსამართლობას დაინახავთ. დაინახავთ, რომ სხვებზე განუზომლად მეტის კეთება მოგიწევთ იგივეს მისაღწევად, მაგრამ მაინც უნდა განაგრძოთ, იმიტომ, რომ არგაგრძელება ისევ თქვენ გავნებთ. ეს არის ის ფასი, რომლითაც პირადად თქვენ მიიღებთ/მიაღწევთ რაღაცას.
დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.