ესმა გუმბერიძე : მოხალისეობის გავლენა თემისა და ინდივიდის განვითარებაზე

საქართველოში მე სპეც.სკოლაში ვსწავლობდი. ისევე როგორც ყველგან, ჩვენც, უსინათლოთა სკოლაში, აღვიზარდეთ იმ მენტალობიტ, იმ შეგნებით, რომ ერთადერთი სასარგებლო რამ, რისი გაკეთებაც ახალგაზრდას შეუძლია თავისი თემისთვის, არის სწავლა, სწავლა და სწავლა. თუ შენი თემისთვის კარგი გინდა, სანამ ახალგაზრდა ხარ, თავი უნდა დახარო და იმეცადინო და იმეცადინო, რომ იქნებ მერე, ათწლეულების შემდეგ, როცა საკმარის ცოდნას დააგროვებ, შეძლო […]

საქართველოში მე სპეც.სკოლაში ვსწავლობდი. ისევე როგორც ყველგან, ჩვენც, უსინათლოთა სკოლაში, აღვიზარდეთ იმ მენტალობიტ, იმ შეგნებით, რომ ერთადერთი სასარგებლო რამ, რისი გაკეთებაც ახალგაზრდას შეუძლია თავისი თემისთვის, არის სწავლა, სწავლა და სწავლა. თუ შენი თემისთვის კარგი გინდა, სანამ ახალგაზრდა ხარ, თავი უნდა დახარო და იმეცადინო და იმეცადინო, რომ იქნებ მერე, ათწლეულების შემდეგ, როცა საკმარის ცოდნას დააგროვებ, შეძლო რაღაცის გაკეთება, გამოდგე რამეში, ოღონდ „მერე, შვილო, მერე, ენთუზიაზმი, მომავლის იმედი, ოპტიმიზმი და რაღაცის უანგაროდ გაკეთების მოტივაცია რომ მოგიკვდება“. ახალგაზრდას, ბავშვის, მოსწავლის ეს ერთადერთი როლი გამოსჭვიოდა სახელმძღვანელოებიდან, მასწავლებლებისა თუ მშობლებისა თუ მეზობელ–ნათესავების გამონათქვამებიდან: „ახლა არაფერი გევალება სწავლის გარდა. ისწავლე, რომ იქნებ მომავალში გამოდგე“ და ა.შ. ჩვენ ასევე გავიზარდეთ იმ შეგნებით, რომ მოხუცისთვის ნეტარების პიკი არის პენსიაზე ყოფნა, დივანზე ჯდომა და ტელევიზორის ყურება, მუშაობა და საერთოდ თუნდაც რაიმე ტიპის საქმიანობა მათთვის სასჯელია და ახალი თაობის მიერ მათდამი უმადურობის ნიშანია, მუშაობა თუ უწევთ, ისინი საცოდავები არიან, შეცოდების ღირსები. სკოლაშიც გვყავდნენ ძალიან ასაკოვანიმასწავლებლები, რომელთა სამსახურიდან წასვლასაც ყველა ელოდა, იმიტომ რომ ზოგს უკვე სმენის პრობლემა ჰქონდა, ზოგს– გაგება–გააზრების, ზოგს რისი და ზოგსაც– რისი. ეს კი მათ უარესად აკომპლექსებდათ, ამ პრობლემებს არ აღიარებდნენ და ჩვენზე, ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, უფროდაუფრო გაბრაზებულები იყვნენ. და ჩვენც გაღიზიანებით ვპასუხობდით, იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში და იმ დამოკიდებულებით ჩვენი სწავლება და ჩენთვის რაღაცის მიცემა აღარ შეეძლოთ და ჩვენც ვოცნებობდით, როდის წავიდოდნენ ბოლოსდაბოლოს სამსახურიდან. ზოგი დასცინოდა კიდეც.

მაგრამ აი დავიწყე აშშ–ში გაცვლითი სასკოლო პროგრამით წასასვლელად აპლიკაციის შევსება, სადაც იყო კითხვა იმის შესახებ, თუ მიმოხალისია ოდესმე. ძალიან გამიკვირდა, რა უნდა გააკეთოს თინეიჯერმა სკოლის მოსწავლემ, მოზარდმა, რა შეიძლება, რომ მას მიანდო, ჯერ უსწავლელს სწავლის გარდა. თან შემეშინდა, მოხალისეობის გამოცდილება რომ არ მაქვს, ნეტა პროგრამაში ჩემს მონაწილეობაზე არ აისახოს–მეთქი უარყოფითად. დამამშვიდეს და მითხრეს, რომ ეს პრობლემას არ შემიქმნიდა, სამაგიეროდ ამერიკაში მექნებოდა მოხალისეობის შესაძლებლობა.

ერთ–ერთი პირველი აქტივობა, რაც აშშ–ში ჩასულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გაცვლით სტუდენტებს გაგვაკეთებინეს იყო ვიზიტი საქველმოქმედო სამზარეულოსა და ბოსტანში, სადაც მოხალისეებს უნდა დავხმარებოდით. იქ გავიცანი მოხუცი ქალბატონი, 70 წელს გადაცილებული, რომელიც პენსიაზე გასვლამდე ექთნად მუშაობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ტყუილად არ დამჯდარიყო და რაღაცა გაეკეთებინა თავის სამეზობლოში, სასარგებლო ყოფილიყო. დაიწყო მოხალისეობა და ყოველდღე, როგორც სამსახურში, ისე დადიოდა იმ სასადილოში, ეხმარებოდა საკვების მომზადებაში, ბოსტნის მოვლასა და სხვა მსგავს საქმეებში. ის არ ლანძღავდა მთავრობას, უცხო მტრულად განწყობილ ქვეყნებს/ერებს ანდა გარყვნილ, გაფუჭებულ ახალგაზრდობას, არ ატარებდა თავის დროს იმის მოგონებაში, თუ როგორი კარგი იყო ადრე ყველაფერი და ახლა როგორ წახდა, არამედ პირიქით, ცხოვრება, სიცოცხლე უხაროდა, ბედნიერი და კმაყოფილი იყო, ჩვენი გაცნობა უხაროდა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, საუბარი, ჩვენს ქვეყნებზე ამბების გაგება აინტერესებდა, კითხვებს გვისვამდა. თავს რეალიზებულად გრძნობდა.

შემდეგ რა იყო? შემდეგ იყო ის, რომ მე თვითონ უნდა მემოხალისევა სადმე. ერთადერთი რეალისტური შესაძლებლობა იყო მოხალისეობა უსინათლო ბავშვებთან, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან. მათ ბრაილის შესწავლაში უნდა დავხმარებოდი. მე, სიმართლე რომ ითქვას, მაშინ არც შშმ სფერო მაინტერესებდა და არც– მასწავლებლობა. მხოლოდ ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა და მისთ. მაინტერესებდა. ჩემი იმდროინდელი მასპინძელი დედაც მეუბნებოდა, ისეთ ადგილას უნდა იმოხალისევო, რომელიც შენ მოგცემს რაღაცას, შენ გაგზრდის. ჩემმა კოორდინატორმა კი მითხრა, რომ ადამიანი მოხალისეობს პირველ რიგში სხვებისთვის და არა საკუთარი თავისთვის. სინამდვილეში მოხალისეობა ორმხრივი პოზიტივის მომტანია. ის სასარგებლოა და ადგება როგორც იმ თემს, რომლისთვისაც მოხალისეობენ, ისე– იმ ადამიანსაც, ვინც მოხალისეობს. იმისთვის, რომ სკოლაში მემოხალისევა, რამდენიმე რაღაცის სწავლა მომიწია. პირველ რიგში უნდა მცოდნოდა ინგლისური ბრაილის შემოკლებული ვარიანტი, რომელიც მე საქართველოში არ ვიცოდი და აშშ–ში რომ ჩავედი, მაშინ ვისწავლე. ასევე ვისწავლე სკოლამდე გზა ჩემი სახლიდან, იმიტომ რომ მასპინძელმა ძმამ, რომელთან ერთადაც თავიდან ვმოხალისეობდი, შემდეგ თავი დაანება, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების სიმძიმეზე და საქმის უინტერესოობაზე იმაზე მეტს მე ვწუწუნებდი, ის კი აქეთ მამშვიდებდა, ბოლოს მე მაინც დავრჩი, იმდენად სასიამოვნო იყო იმ პროგრესის ნახვა, რაც ამ ბავშვებმა აჩვენეს. ის სავალდებულო 40 მოხალისეობის საათი კარგახანია, მოთავებული/მოხდილი მქონდა, მე კი როგორც სამსახურში ყოველდღე დავდიოდი იქ. სკოლას უფრო გავაცდენდი, ვიდრე– მოხალისეობას. ამასთან რაღაც ეტაპზე თვითადვოკატირების სწავლაც მომიწია, მოხალისეობა რომ გამეგრძელებინა, იმიტომ რომ ჩემმა სპეც.მასწავლებელმა, გზა ვინც მასწავლა, თვითონ არ იცოდა, რა მიზნით მასწავლიდა ამ ყველაფერს. თავიდან მითხრა, რომ მექნებოდა სიარულის უფლება, მერე გადაიფიქრა და ჩემი მასპინძლებისგან წერილობითი თანხმობა მოითხოვა, რაც მათ მისცეს კიდეც. მათთან ერთად გავიარე ერთხელ ის გზა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შემიძლია დამოუკიდებლად იმ გზის გავლა.

საქართველოშიც რომ ჩამოვედი, ისევ გავაგრძელე მოხალისეობა. ხან თარჯიმანი ვიყავი ერთ–ერთ ბანაკში, ხან– ლიდერი.ლიდერი რომ ვყოფილიყავი, მომიწია პირველ რიგში ბანაკის შენობის შესწავლა, ჩემით რომ შემძლებოდა გადაადგილება, ამასთან კანდიდატების შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე და სვეტებიანი ვორდის ტექსტის წაკითხვა/ნავიგაცია, რაც უსინათლოსთვის არის საკმაოდ რთული, სვეტიდან სვეტზე გადასვლა–ორიენტაციას ვგულისხმობ. ახლაც ვმოხალისეობ მედიაკავშირ ობიექტივში ტელერადიოწამყვანად და გადაცემა „ახალგაზრდული სულის“ თანაავტორად უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც. ობიექტივში მუშაობა ჩემთვის ღირებულია მისი წამყვანების მრავალფეროვნებისა და არხის დემოკრატიულობის გამო. შეიძლება, ჩვენ ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს რომელიმე საკითხზე და მაინც მიგვყავდეს იქ გადაცემები. ყოველი მოხალისეობის შესაძლებლობა რაღაცას მასწავლის. ერთხელ, მაგალითად, გამოგონებათა გამოფენაზე უნდა მეთარგმნა რაღაცები, ჰოდა უკეთ გასარკვევად ფიზიკის ლექტორთან მივედი და რაღაცები ვკითხე, უკეთ რომ მეთარგმნა. ასე რომ მოხალისეობა ადამიანისთვის თვითშეფასების ამაღლების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის, სხვების დახმარებისა და, რაც მთავარია, ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების გამომუშავების შესანიშნავი საბაბი, მიზეზი და შესაძლებლობაა! მოხალისეობა შეიძლება, იყოს ერთგვარი სოციალური რეაბილიტაცია, თერაპია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის!

ახლა რა სარგებელი მოაქვს მოხალისეობას თემისთვის? სამუშაო შემსრულებლების გარეშე უმუშევარი შემსრულებლებისთვის! არცერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოშიც კი არ არის ყველაფრის დაფინანსების შესაძლებლობა, მაგრამ ყველგან არიან ადამიანები, რომლების ენერგიაც ტყუილად იკარგება სადღაც ბირჟაზე ჯდომით, უსაქმურობით ან ვისაც სურს, თავის თემს მოახმაროს თავისი ძალისხმევა და დრო. ის ბიჭი, რომელთანაც ძირითადად ვმოხალისეობდი და რომელსაც ვასწავლიდი, დილით მაინც გაკვეთილებამდე ძალიან ადრე მოდიოდა. მამამისი შემდეგ სამსახურში მიდიოდა და უფრო გვიან მომყვანი არ ყავდა. ის პერიოდი ტყუილად იჯდა ხოლმე და ელოდა გაკვეთილების დაწყებას, სულ ტყუილად იღლებოდა! ჩემი მოხალისეობის წელს მან წარმატებით ჩააბარა თავისი გამოცდა (შემდეგ წელს კი შეექმნა გამოცდის ჩაბარებაზე/ბარიერის გადალახვაზე პრობლემა, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. აუტისტური სპექტრი აქვს და…. მეც თავისუფალი ვიყავი და უპრობლემოდ შემეძლო მისი სწავლება/მეცადინება. მეორე ყველაზე მთავარი სარგებელი, რასაც მოხალისეობით თემი იღებს არის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გრძნობის გაძლიერება. მოხალისეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეხვდე ახალ ადამიანებს, დაუმეგობრდე, გაიგო მეტი შენს გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე სწორედ მოხალისეობით გავიგე, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში დღემდე არსებობს სასმელი წყლის პრობლემა, მაშინ როცა მეგონა, ჩვენი 28 ათასი მდინარითა და საუკეთესო მთის სასმელი წყლით უნდა გვეამაყა! და ბოლოს მოხალისეობა არის საზოგადოებაში მოწყვლადი ჯგუფების რეინტეგრაციის (ახალგაზრდები, მოხუცები, შშმ პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები) შესანიშნავი საშუალება, რა დროსაც ხდება სტერეოტიპების მსხვრევაც. რა სტერეოტიპები დაიმსხვრაჩემი მოხალისეობით? 1.დაწყებითი სკოლის თანამშრომლებმა, სადაც მე ვმოხალისეობდი, დაინახეს, რომ უსინათლო შეიძლება, იყოს გონებრივი/ინტელექტუალური/მენტალური შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშეც. 2. ჩემმა ორიენტაციის მასწავლებელმა გაიაზრა, რისთვის ასწავლიან ზოგადად უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, კერძოდ კი იმისთვის, რომ მათ ეს რეალურ ცხოვრებაშიც გამოიყენონ, ანუ მართლა იარონ. 3. ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა დაინახა, რომ უსინათლოსაც შეუძლია, სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის. 5. გოგონებმა, ბანაკის მონაწილეებმა, ნახეს, რომ უსინათლოსაც შეუძლია ლექციის/ტრენინგის ჩატარება, დისკუსიის წარმართვა და ა.შ, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს. 6. ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ის გოგონათა ბანაკი, დაინახეს, რომ საქართველო მთლად ისეთი უიმედო ქვეყანაც არ არის და რომ საქართველოშიც შეიძლება, სისტემამ მისცეს უსინათლოს შესაძლებლობა, ბანაკის ლიდერისთვის საჭირო გამოცდილებები და უნარები გამოიმუშავოს.

ვიღაცა მკითხავს, კი მაგრამ როგორუნდა იმოხალისევოს ადამიანმა, რომელსაც შეიძლება, საკვები არ აქვს, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, რომელიც სიღატაკეშია. ამერიკელი მოხუცები, კი ბატონო, მაგრამ საქართველოში… ხალხს წამლის ფული არ აქვს, ყველა თავს ცუდად გრძნობს და… ამისთვისაც არსებობს გამოსავლები. რატომ არ შეიძლება, მაგალითად, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება სამზარეულოში, რომ იქვე ჭამოს კიდეც? რატომ არ შეიძლება, თუ ადამიანი მთელი დღე ყოველდღიურად მუშაობს ბოსტანში, მოხალისეობს, რომ ხანდახან თავისი სუფრა იქაური კიტრითა თუ პომიდვრით დაიმშვენოს? ასე რომ გამოსავლების მოძიება შეიძლება.

მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ ახალგაზრდები შეიძლება, იყვნენ არამხოლოდ ჩვენი მომავალი, მოხუცები შეიძლება, იყვნენ არამხოლოდ ჩვენი წარსული, არამედ ამ ორივე ჯგუფს შეუძლია, იყოს ჩვენი აწმყოც.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.