ესმა გუმბერიძე | სად გადის დამოუკიდებლობის ზღვარი ?!

ამ ბოლო ხანებში, მიწევს რა მოგზაურობა ხანდახან და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი აზრის მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მათთვის ოჯახისგან დამოუკიდებლობა, როდიდან წყვეტენ ხოლმე ან როდიდან უნდა შეწყვიტონ ოჯახებმა თავიანთი შვილების დახმარება,  მეც აქტიურად დავფიქრდი ამ საკითხზე. არსებობს ამ საკითხის მიმართ ოჯახებისა და ახალგაზრდების მიდგომების 2 დიდი  ჯგუფი: 1. ბავშვი 40 […]

ამ ბოლო ხანებში, მიწევს რა მოგზაურობა ხანდახან და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი აზრის მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მათთვის ოჯახისგან დამოუკიდებლობა, როდიდან წყვეტენ ხოლმე ან როდიდან უნდა შეწყვიტონ ოჯახებმა თავიანთი შვილების დახმარება,  მეც აქტიურად დავფიქრდი ამ საკითხზე. არსებობს ამ საკითხის მიმართ ოჯახებისა და ახალგაზრდების მიდგომების 2 დიდი  ჯგუფი: 1. ბავშვი 40 წლამდე ან, სულაც სიკვდილამდე „ბავშვია“ მისი მშობლებისთვის, შესაბამისად ის ყველაფერს სწორედ მშობლებს უნდა ეკითხებოდეს, გადაწყვეტილებებს მის მაგივრად ისინი უნდა იღებდნენ, პასუხისმგებლობაც იმათზე იქნება ძირითადად და, შესაბამისად, „ბავშვის“, მისი ცოლის/ქმრისა და შვილების რჩენა–დაფინანსებაც. ასეთი „ბავშვის“ მშობლები მას თავიანთი პენსიიდანაც უნდა არჩენდნენ. სხვათა შორის, ამ დამოკიდებულების ერთ–ერთი ცინიკური გამოხატულება იყო ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი პროფესორი ბებიის, მარიკა ლორთქიფანიძის, პროტესტი, როდესაც ის უკვე 80 წლისა იყო და აპროტესტებდა, რომ 400 ლარიანი პენსია აქვს, რაც მას შვილიშვილების დასახმარებლადაც კი არ ყოფნის. 2. იმ თარიღის 12.00 საათიდან, როდესაც შვილი ხდება 18 წლის, მან მშობლების სახლი უეჭველად უნდა დატოვოს, უნდა დაიწყოს მუშაობა, თავი თვითონ უნდა ირჩინოს, თვითონ უნდა გაიტანოს, მშობლებს აღარ უნდა უყუროს, სამაგიეროდ, რაც უნდა, ის შეუძლია, აკეთოს. მშობლებისთვის სულერთია. ის უკვე ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანია და რაც უნდა, ის უქნია, ოღონდ თავისი შეცდომების გამოსწორებაში მათ არ თხოვოს დახმარება. მათ თავიანთი მოვალეობა მისდამი უკვე შეასრულეს: 18 წლამდე გაზარდეს და არჩინეს, დანარჩენი მასზეა. სხვადასხვა კულტურებში სწორედ ამ ორი მიდგომიდან ერთ–ერთი ფიგურირებს რომელიმე ხარისხით. როგორც წესი, ეს მიდგომები ასე რადიკალურად იშვიათად ვლინდება. უფრო ხშირია მათი გარდამავალი ფორმები. ორივეს აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც.

რა თქმა უნდა, თუკი ოჯახი აგრძელებს შვილის მხარდაჭერას მისი სრულწლოვანების შემდეგაც, ის ნაკლები სტრესის ქვეშ იმყოფება, არ უწევს რა გადარჩენისთვის მარტო ბრძოლა. მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობებიც უფრო ინარჩუნებს სიახლოვეს, როგორც წესი. ადამიანისთვის დაცულობის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალური გაგებით, ისე ემოციურითაც. ცოდნა იმისა, რომ როცა გაგიჭირდება, სამსახურს დაკარგავ, უბედურება შეგემთხვევა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაგიგებენ, დაგეხმარებიან, მოგისმენენ, რომლებისთვისაც შენი უბედურება სულ ერთი არ იქნება, ადამიანს ფსიქოლოგიურად აძლიერებს, მას უფრო უკომპლექსოს, უფრო თავისუფალს ხდის, მისთვის ასეთი დახმარება/მხარდაჭერა/თანადგომა ხდება არამხოლოდ მატერიალური, არამედ მორალურ საყრდენადაც კი იქცევა. თუმცა მშობელთა მხრიდან დახმარების გადამლაშება, მართლა მშობლების ცხოვრების ბოლომდე, იმის მიუხედავად, რომ ადამიანი უკვე ორივე ფეხზეა დამდგარი და ნამდვილად შეუძლია საკუთარი თავის რჩენაც და გატანაც, არის მავნებელი და გამანადგურებელი არამხოლოდ მშობლებისთვის, არამედ იმ შვილისთვისაც. მშობლები ამ თანადგომისა და დახმარების სანაცვლოდ მოელიან, რომ უკვე ზრდასრული ჩამოყალიბებული შვილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მათს აზრს გაითვალისწინებს, ხოლო როცა ასე არ ხდება, იმედი უცრუვდებათ, „ურჩი“ შვილი უმადური ჰგონიათ, ხოლო საკუთარი თავი– უძლური. იწყებენ სინანულს, რომ ამ ბავშვისთვის თავი არ უნდა მიეძღვნათ, რადგან მან ეს მაინც ვერ დაინახა/ვერ დააფასა. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ჰიპერმზრუნველ მშობელთა საკუთარი ცხოვრების ხარისხი უარესდება, უწევთ რა ბავშვების მუდმივად ფინანსური უზრუნველყოფა, მაშინ როცა უკვე ასაკი ემატებათ, ენერგია, შესაძლებლობები და, შესაძლოა, შემოსავალიც უმცირდებათ. ბოლოსდაბოლოს მშობლებიც ადამიანები არიან. მათაც ხომ აქვთ კარგად ცხოვრების უფლება. შვილი კი, მუდამ მშობელთა დახმარებას მიჩვეული, ვეღარ ახერხებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, უჭირს ზრდასრულ ცხოვრებაზე გადასვლა. მან არ იცის, თუ როგორ უნდა დაზოგოს ფული, როგორ იშოვოს ის, როგორ იმუშავოს თავის რჩენის მიზნით, ვეღარ ხვდება, თუ რატომ უნდა ეცადოს, იყოს დამოუკიდებელი. შესაბამისად მშობელთა დაბერებას/დაუძლურებას/გარდაცვალებას ის სრულიად მოუმზადებელი ხვდება და ხშირად ვეღარც კი ახერხებს, გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თვითრეალიზებული ზრდასრული ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვათ გრძელი ამბავი, ჰიპერმზრუნველობა ხელს უწყობს შვილის წარუმატებლობას.

მეორესმხრივ ახალგაზრდას პატარაობიდანვე მშობლების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მას დამოუკიდებლობას აჩვევს. ის მალე იზრდება, მალე ხდება ზრდასრული, გამოიმუშავებს თვითგადარჩენის უნარებს. თუმცა ამავდროულად მშობლების მიმართაც, არ არის მათზე რა საერთოდ დამოკიდებული, ძირითადად ძალიან გულგრილია. ამავდროულად განცდა, რომ გაჭირვების წინაშე მარტო დარჩები, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მხარდაჭერა არსაიდან იქნება, ხშირ შემთხვევაში ადამიანს აბოროტებს, ერთგვარ საყრდენს აცლის. თანაც ადამიანს ემოციურად სჭირდება თანადგომა, სჭირდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც მისი ბედი სულერთი არ იქნება, რომლებიც მას გვერდში დაუდგებიან და არამხოლოდ ცუდ, არამედ კარგ მომენტებსაც გაიზიარებენ, მის წარმატებებს. ის, რომ არამხოლოდ შენს წარუმატებლობას, არამედ წარმატებასაც ვიღაცები გულშემატკივრობენ, იზიარებენ, სულიერად გაძლიერებს, მოტივაციას გაძლევს, აკეთო უფრო მეტი. მშობლებიც, რომლებმაც ადრე შეწყვიტეს შვილების მხარდაჭერა, იხსენებენ შვილთა არსებობის შესახებ, როცა მოხუცდებიან, როცა მათი ურთიერთობის წრე დავიწროვდება, როცა სამსახურს ანებებენ თავს. სჭირდებათ შვილთაგან ყურადღება, მაგრამ უკვე ძალიან შორს არიან შვილებისგან და შვილები– მათგან. ამ უფსკრულის ამოვსება, ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ხშირად რთული ხდება. მე ამის მოწმე გავხდი აშშ–ში ყოფნისას, როცა ჩემმა მასპინძელმა დედამ თავის ქმარს უთხრა, მამაჩემს გადაეცი, რომ სააბაზანოში ვარ და ვერ დაველაპარაკები, ტელეფონზე რომ დაურეკა. არადა იქვე იყო და ნამდვილად შეეძლო მასთან დალაპარაკება. საერთოდ ყოველთვის ცდილობდა თავის 75 წლის მამასთან, რომელსაც კიბო ჰქონდა გადატანილი და სხვა შტატში, რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, მარტოდმარტო ცხოვრობდა, საერთო არაფერი ჰქონოდა, არ დალაპარაკებოდა. სულ ცდილობდა მის თავიდან მოშორებას.

ოჯახურ დამოკიდებულებებში ძალიან რთულია საერთოდ რეცეპტების გაცემა ოჯახური ბედნიერების მისაღწევად. ის, თუ როდის და რა ფორმით უნდა შეწყვიტონ მშობლებმა შვილის დახმარება, ზუსტი მეცნიერება არ არის. მაგრამ ჩემთვის ამ ყველაფერში მთავარი პრინციპია სიყვარული. როცა შვილისთვის დახმარების შეწყვეტა ხდება ერთბაშად და მისი თავიდან მოშორების ან დასჯის მიზნით, ეს ძალიან დამანგრეველია ოჯახური ურთიერთობისთვის, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში შვილი თავს მიტოვებულად გრძნობს. ის მარტო დატოვეს სამყაროს ყველა შესაძლო სიძნელის პირისპირ. მთავარი მაინც სიყვარულია და საღი აზრიც. მშობლებისმიერი დახმარება უნდა იყოს შვილის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე და არა უბრალოდ იმ საფუძველზე, რომ დედისთვის 40 წლის შვილიც „ბავშვია“. თუ ადამიანს უკვე შეუძლია და უნდა, იმუშავოს, ოჯახმა მას ამის მოტივაცია უნდა მისცეს, უნდა მოუწოდოს ამისკენ და არა ის, რომ მაინცდამაინც პირდაპირ მინისტრის სავარძელი თუ არ იქნება, არ დათანხმდეო, თავი არავის დაუხარო და ა.შ. ფინანსური დახმარების გაწევა მხოლოდ სტატუსის გამო (მაგ. სტუდენტია) არ ღირს. თუ სტუდენტს უნდა მუშაობა, სწავლა ამის შესაძლებლობას იძლევა ან დიდად სწავლისადმი არ არის თავგამოდებული, მისთვის უკეთ სწავლის მიზნით სამსახურის დაწყების დაშლას აზრი არ აქვს. თორემ არც იმუშავებს და სწავლით თუ არ აინტერესებს, მაინც ვერ/არ ისწავლის. თუ პირიქით სწავლობს ადამიანი, მოხალისეობს, ცდილობს, განვითარდეს, მაშინ მშობელი უნდა დაეხმაროს, რამდენადაც შეუძლია და ის არგუმენტი, რომ უკვე დამამთავრებელ კურსზეა და უნდა იმუშავოს და რომ უკვე სრულწლოვანია, არ არის მაინცდამაინც სამართლიანი. თუ სამსახური აქვს სრულგანაკვეთიანი თუნდაც 18 წლის იყოს მხოლოდ და კარგი შემოსავალიც აქვს, რომლითაც შეუძლია თავის რჩენა, (რაც საქართველოში ჯერჯერობით ძალიან იშვიათია), ბუნებრივია, მშობელმა რომ ამოისუნთქოს, მაგრამ სამსახური თუ დაკარგა ან ვერ შოულობს ობიექტურად, მაშინ გვერდში დადგომა გასაგებიცაა. მშობელთა შვილისადმი მატერიალური თანადგომა რა თქმა უნდა, წლების მანძილზე უნდა მცირდებოდეს, მაგრამ თანდათან, შვილის გაძლიერებისა და ჩამოყალიბების კვალობაზე, მისი და მშობლების საჭიროებებისა და შესაძლებლობების პროპორციულად. ამგვარი გადასვლა თვითრჩენაზე შვილისთვისაც იქნება ბუნებრივი, უმტკივნეულო და არ გამოიწვევს სტრესს. ის მას საყრდენს კი არ გამოაცლის, არამედ უფრო გააძლიერებს კიდევაც. თორემ როცა მშობლები საჭმელსა და ტანსაცმელს იკლებენ იმის გამო, რომ ზრდასრულმა, უკვე დაოჯახებულმა და მუშაობის უნარის მქონე შვილმა ზედმეტი ხალიჩა ან ფარდა ან კონდიციონერი იყიდოს, ეს შვილის თვითშეფასებისთვისაც ძალიან მავნეა. ის სინდისის ქენჯნას განიცდის იმის გამო, რომ არ შეუძლია, დაარწმუნოს მშობლები, რომ ის ფარდა სულ არ სჭირდება და არ არის მისთვის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი და არ ღირს ეს თავგანწირვები, თავს უძლურად გრძნობს იმის გამო, რომ იმ ფარდის ყიდვა მშობლების გულის გასახარებლად თავისი სახსრებით არ შეუძლია. თავის მხრივ არც იმის ზუსტი რეცეფტი არსებობს, თუ როდიდან და რა ფორმით უნდა ეხმარებოდნენ შვილები ასაკში შესულ მშობლებს. ესეც ისევ შვილთა ფინანსურ შესაძლებლობებსა და მშობელთა საჭიროებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, და არა რამე ფიქსირებულ წეს–ჩვეულებაზე ან, როგორც ეს ჩინეთშია, სახელმწიფოს მიერ გამოცემულ კანონზე.

და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ბავშვთა მომავალში ფინანსური პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობისა და საზრიანობისთვის მისაჩვევად. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე იცოდეს თავისი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. ეს ინფორმაცია მას, რა თქმა უნდა, თავისი ასაკის შესაფერისად და თანდათანობით უნდა მიეწოდებოდეს. როდესაც ბავშვი დაინახავს ოჯახის ფინანსურ პრობლემებს, შეიგნებს მათ, ის გახდება ამ ნავის, ამ პრობლემების მონაწილე. შვილმაც თავისი ასაკის შესაფერისად უნდა გაიზიაროს ოჯახის გაჭირვებაც და მაშინ მას გაუჩნდება მატერიალური პასუხისმგებლობა თავისი ოჯახის წინაშე და იმის შეგნება, რომ უნდა ისწავლოს, უნდა იმუშავოს არა იმიტომ, რომ მშობლები აიძულებენ, დასჯიან ან გააგდებენ, არამედ იმისთვის, რომ ოჯახს ტვირთად არ დააწვეს, რომ თავი დააღწიოს იმ გაჭირვებას, რომ თავის ცხოვრებაში აღმოფხვრას ყველაფერი ის, რაც მის ოჯახში არ მოწონდა, რომ შეიძინოს ყველაფერი ის, რაც მის მშობლებთან აკლდა, და რომ დაეხმაროს კიდეც თავის ოჯახს მომავალში. თუკი ბავშვისგან არ იქნება ოჯახის პრობლემები სრულად დაფარული, თუ ბავშვს ვარდისფერ სათვალეებში არ გავზრდით, ის ნაკლებად ჭირვეული იქნება თავისთავად, ზედმეტი დაშინების, სასჯელებისა და იძულების გარეშე. როცა ბავშვმა და შემდგომში ახალგაზრდამ იცის, თუ რატომ, რის გამო ეუბნება მისი ოჯახი უარს რაიმე ახალი და პრესტიჟული ნივთის ყიდვაზე მისი მოთხოვნისთანავე, თუ ეცოდინება, რომ ეს ფინანსურად რთულია, მაშინ ის ამას შეიგნებს და ისწავლის მოთმენასა და თავშეკავებულობას. ოღონდ ოჯახურ სიძნელეებში თანამონაწილეობა წესად უნდა იქცეს, ბავშვის ჩართვა ამ პრობლემებში რაღაც დოზით. ფინანსურ სირთულეებსა და პრობლემებს ბავშვს მხოლოდ მაშინ კი არ უნდა პირდაპირ ახსენებდნენ, რამეს რომ ითხოვს, (ამ შემთხვევაში ეს უბრალო წუწუნი იქნება) არამედ ზოგადად უნდა მიდიოდეს მასთან საუბრები სხვადასხვა პრობლემაზე, თუნდაც მოთხრობებიდან, წიგნებიდან გამომდინარე. ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდანვე მიკითხავდნენ რეალისტურ მოთხრობებს, სადაც გაჭირვებაც ჩანდა, ავადმყოფობაც, სიღარიბეც. ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობაც მეტნაკლებად ვიცოდი და მესმოდა, რომ ოჯახის ყველა წევრმა თუ ყველაფერი თავისი ახირებით იყიდა, მათ შორის მეც, ჩვენც აღმოვჩნდებით არასახარბიელო მდგომარეობაში. ყოველთვის მესმოდა, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა, რომ უნდა დავლოდებოდი, სანამ იმ რაღაცის ყიდვას შეძლებდნენ, რაც მინდოდა; რომ სანამ რაღაცას ვიყიდდი, უნდა კარგად დავფიქრებულიყავი, რამდენად საჭირო იყო ის ნივთი ჩემთვის, სხვა რამე ხომ არ მჭირდებოდა ან არ მინდოდა უფრო მეტად. და ამას არა ჩემზე ძალადობად, არამედ ჩემი მხრიდან ოჯახის თანადგომად და მხარდაჭერად აღვიქვამდი. ვიცოდი რა ჩემი მშობლების მდგომარეობა, თავს ამ მდგომარეობის გამზიარებლად, მონაწილედ მივიჩნევდი და ვთვლიდი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.