უმაღლესი განათლების „მაინც“ ღირებულების შესახებ

ეძღვნება პირველკურსელ სტუდენტებს:  ეროვნულების შედეგები რომ დაიდება, მოყვება ამას ხოლმე პოსტები, რომ აი, არ დაადგა საშველი, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტია ქვეყანაში აკრედიტებული და, მითუმეტეს, არააკრედიტებული, რომ გამოცდის ჩაბარების მინიმალური ზღვრები ძალიან დაბალია, რომ ამდენი უმაღლესდამთავრებული სახელმწიფოს არ ჭირდება, რომ ბაზარი გაჯერებულია; რომ ბევრი არ იმსახურებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლასა და ჩაბარებას და მაინც ჩაირიცხა; რომ მაინც […]

ეძღვნება პირველკურსელ სტუდენტებს:  ეროვნულების შედეგები რომ დაიდება, მოყვება ამას ხოლმე პოსტები, რომ აი, არ დაადგა საშველი, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტია ქვეყანაში აკრედიტებული და, მითუმეტეს, არააკრედიტებული, რომ გამოცდის ჩაბარების მინიმალური ზღვრები ძალიან დაბალია, რომ ამდენი უმაღლესდამთავრებული სახელმწიფოს არ ჭირდება, რომ ბაზარი გაჯერებულია; რომ ბევრი არ იმსახურებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლასა და ჩაბარებას და მაინც ჩაირიცხა; რომ მაინც ვერ დასაქმდებიან სწავლის სფეროს/პროფესიის/სპეციალობის მიხედვით და „ორდიპლომიან ტაქსისტებად“ იქცევიან; რომ თვითმოტყუებაა, ფულის უაზრო ხარჯვაა; რომ ამდენი არ უნდა აბარებდეს, ირიცხებოდეს და ამთავრებდეს; რომ ახლადგამოჩეკილ სტუდენტთა დიდ უმრავლესობას სწავლა არც აინტერესებს; რომ უმაღლესი განათლება პრივილეგია უნდა იყოს; რომ ახალბედა სტუდენტებს დიდი გულაცრუება ელით დამთავრების შემდეგ და რისთვისღა წვალობენ, რომ ფარისევლობაა და ა.შ. ეს ყველაფერი ხშირად მართლაც ასეა და მეც ხშირად დამიწერია ამის შესახებ. ხშირად მართლა ჯობია, რაღაცა სასარგებლო საქმეში იმ თანხების ჩადება, რასაც ოჯახები უმაღლეს განათლებაზე ხარჯავენ, თუ ბავშვს მოტივაცია და ინტერესი არ აქვს მაინცდამაინც. ისიც მართალია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი, განსაკუთრებით ისეთ უნივერსიტეტებში, სადაც მოხვედრაზე დაბალი კონკურსი, შესაბამისად დაბალქულიანი სტუდენტები დაბალი მოტივაციითა და განათლების მიღების უნარების მწირი ბაგაჟით მიდიან.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად კიდევ 4 წლის განმავლობაში სწავლა მაინც არის რაღაც „დამატებითი განათლება“, გონების გავარჯიშების შესაძლებლობა. შესაძლოა, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ვერ უზრუნველყოფდეს ადამიანს დასაქმების გარანტიით, მაგრამ 4–6 წელი სწავლა ერთგვარად უფართოვებს ადამიანს თვალსაწიერს, რაც არ უნდა, იყოს, რაც არ უნდა, ყოფილ კოლეჯში, უნივერსიტეტად გადაკეთებულ პროფესიულ სასწავლებელში, სწავლობდეს ადამიანი. რაღაცის წაკითხვა მაინც ხომ უწევს; (ჯერ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაც ხომ სწავლაა, საკუთარ თავზე მუშაობა) რაღაცა ტიპის გამოცდის ჩაბარება მაინც; რაღაცნაირად ოდესმე ლექცია–სემინარსაც ხომ დაესწრება. ესეც არის მაინც დამატებითი განათლება, თუნდაც პროფესორებთან ურთიერთობაც ხომ ნიშნავს გარემოს შეცვლას. იქ სოციალური უნარები ვითარდება. სტუდენტი ხშირად სწავლის გამო მშობლიურ დასახლებას ტოვებს, დამოუკიდებლად (თუნდაც ნათესავებთან და არა ოჯახთან ცხოვრებაც დამოუკიდებელი ცხოვრებაა ერთგვარად) იწყებს ცხოვრებას, სრულწლოვანი ადამიანისთვის კი მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრება ძალიან ღირებული და ბუნებრივი გამოცდილებაა. სადღაც ხომ მოუწევს რაღაცის დაწერა, წიგნის წაკითხვა, რაღაცის მოყოლა. ამით შანსი მაინც ეძლევა, განივითაროს ლიდერული უნარ–ჩვევები, რომლებიც ძალიან აუცილებელია დღესდღეობით. იმიტომ რომ პროგნოზების მიხედვით მომავალი 20 წლის განმავლობაში ფიზიკურ სამუშაოთა დაახლ. ნახევარს შეასრულებს რობოტი, ანუ ადამიანები აღარ იქნებიან საჭირონი ამ სამუშაოთა შესასრულებლად, დაიკარგება ეს სამუშაო ადგილები. დარჩება ის სამსახურები, რომლებიც საჭიროებს მაღალ ინტელექტს, განათლებას და განვითარებულ სოციალურ უნარებს, ადამიანებთან ურთიერთობის, ახალის შესწავლის, ჯგუფური მუშაობის, გამომგონებლობის კრეატიულობის და სხვა მსგავსი უნარები, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს საუნივერსიტეტო განათლება, ასე თუ ისე მაინც. შეიძლება, ეს ყველაფერი იმ ძალისხმევად მართლა არ ღირს და უფრო რაციონალურადაც შეიძლებოდა, განკარგულიყო უმაღლესი განათლების მიღებაში ჩადებული ფინანსური რესურსი, მაგრამ ის მაინც ხომ უკვე ჩადებულია, გაღებულია. შესაბამისად ეს შანსიც არსებობს და ნამდვილად ღირს მისი გამოყენება.

მაგრამ ამ რამდენიმე ხნის წინ ფბ–ზე რომ ვნახე რომელიღაც უკრაინული უნივერსიტეტის რეკლამა, რომ ჩააბარეთ, ქართველო სტუდენტებო ჩვენთან და პირველივე სემესტრის შემდეგ საშუალება გექნებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე გადახვიდეთ მობილობით საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში, არის ნამდვილი თაღლითობა და სისტემის ბოროტად გამოყენება. იმიტომ რომ უთანასწორობაა: აქ სტუდენტები აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ემზადებიან, სწავლობენ, დებენ ამ ყველაფერში დროს და ენერგიას, ვიღაცა კი ამ გამოცდების გვერდის ავლით, ფიქტიურად სადღაც ჩაბარებით, მუქთად, ზედმეტი თავის შეწუხების გარეშე, ხვდება ისევ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. გარე მობილობის წესებში რაღაცნაირად ისეთი ცვლილებები უნდა იქნას შეტანილი, ისეთი ღონისძიებები/ზომები უნდა იქნას მიღებული, რომლებიც მსგავსი ფიქტიური და კორუფციული სქემებით საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას ხელს შეუშლის.

შეიძლება, ეს პოსტი ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ზოგ უნივერსიტეტში ჯერ არ დაწყებულა სწავლა, შესაბამისად ვულოცავ ყველა პირველკურსელს ჩაბარებას და ვუსურვებ წარმატებებს და ამ კიდევ ერთი შანსის მნიშვნელობისა და ღირებულების გააზრებას და მის შესაბამისად მაქსიმალურად გამოყენებას პიროვნული განვითარებისთვის, უნარების გამომუშავებისთვის, წარმატებისთვის, წინსვლისთვის!

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published.