სალომე მურადაშვილი | სად გადის დამოუკიდებლობის ზღვარი?!

სად გადის დამოუკიდებლობის ზღვარი?! ერთხელ მარკ ტვენმა წერილი მისწერა მეგობარს „ბოდიშს გიხდი მეგობარო ამხელა         წერილისათვის, უბრალოდ    დრო არ მქონდა რომ მოკლედ მომეწერა.“   მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზე, დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ ასპექტებზე შესანიშნავ “სიმღერას” გვთავაზობს ლიბანელი მწერალი  ჯიბრალ ხალილ ჯიბრანი, რომელიც 8 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში და აქტიურად მოღვაწეობდა ამერიკელ მწერალთა შორის. უნდა აღინიშნოს, რომ მის მიდგომას […]

სად გადის დამოუკიდებლობის ზღვარი?!

ერთხელ მარკ ტვენმა წერილი მისწერა მეგობარს

„ბოდიშს გიხდი მეგობარო ამხელა

        წერილისათვის, უბრალოდ    დრო არ

მქონდა რომ მოკლედ მომეწერა.“

 

მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზე, დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ ასპექტებზე შესანიშნავ “სიმღერას” გვთავაზობს ლიბანელი მწერალი  ჯიბრალ ხალილ ჯიბრანი, რომელიც 8 წლიდან ცხოვრობდა ამერიკაში და აქტიურად მოღვაწეობდა ამერიკელ მწერალთა შორის. უნდა აღინიშნოს, რომ მის მიდგომას ლიბერალური შეხედულებები ასაზრდოებს. “სიმღერა” შესაძლებელია წარმოვადგინოთ როგორც 7 მცნება დამოუკიდებლობის საზღვრებს შორის.

მცნება N1

თქვენი შვილები თვენი არაა. ისინი თავზე დამწუხრებული ცხოვრების ძენი და ასულნი არიან. ქვეყნად თქვენი წყალობით მოდიან, მაგრამ არა თქვენთან.”

ადამიანი რეპროდუქციული არსებაა. სიტყვა რე-პროდუქციის განმარტებით, რაც კვლავწარმოებას და საზოგადოებრივი წარმოების განმეორებით პროცესს ნიშნავს, ჩემთვის ეს გულისხმობს დამოუკიდებელი ინდივიდების ჩამოყალიბებას, მაგრამ ხშირად ეს პროცესი საზოგადოების მხრიდან არასწორად არის გაგებული და გააზრებული. ალბათ, ხშირად გვსმენია რომ „ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია“  (არისტოტელე), „ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც იარაღის გამოყენება შეუძლია“, „ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება ცხოველია…“(კანტი) და ა.შ. შემთხვევითი არაა ცხოველის ადამიანთან გაიგივება, როცა ამ უკანასკნელს ავიწყდება ბუნების წესი, აღზარდოს შვილი ისევე დამოუკიდებლად, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ცხოველი ან ფრინველი. მაგალითად, მგელი პირველი 1-2 თვე კვებავს და პატრონობს თავის ლეკვებს,  2-3 თვის შემდეგ კი ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ისინი ტოვებენ ბუნაგს და ხროვასთან ერთად იწყებენ ნადირობას. ადამიანებთან კი, მშობლების შვილებზე მზრუნველობა და მათი გამოკვება ხშირად სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, პენსიამდე და უმეტეს შემთხვევაში კუბოს ფიცრამდეც.

მცნება N2

“თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან. შეგიძლიათ თქვენი სიყვარული მისცეთ, მაგრამ არა თქვენი ფიქრები.  მათ თავიანთი ფიქრი აქვთ.”

ტრადიცია ქართული ოჯახის თანმდევი მოვლენა, ხშირად ამ ორი ცნების განცალკევებაც კი დანაშაულის ტოლფასია. ალბათ არ მეგულება ოჯახი, რომელიც გარკვეული ტრადიციების მიმდევარი არ არის. ოჯახისთვის ტრადიცია კი ხშირად იმ რელიგიის მიმდევრობაა, რომელსაც ოჯახის წევრების უმრავლესობა იზიარებს, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს იმ წესებს, რომელთაც ოჯახის წევრები მისდევენ, უნდა გაიზიარონ ხშირად ის იდეოლოგია ან სულაც პოლიტიკური შეხედულება, რომელსაც ოჯახის წევრთა უმრავლესობა იზიარებს. აღნიშნული სულაც არ ნიშნავს რომ ეს ყველაფერი ცუდია, პირიქით ოჯახია ერთიანობაა, სადაც საერთო გადაწყვეტილებები მიიღება, საერთო დასკვნა კეთდება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, ოჯახი ის მცნებაა, რომელიც ხშირად ადამიანის საყრდენი კედელია და ის გვერდში მდგომი მოსიყვარულე ადამიანებისგან შედგება, მაგრამ ოჯახი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ინდივიდუალურობის დამკარგველად. მშობლისთვის შვილი არ უნდა იყოს საკუთრება, რადგან ეს უკანასკნელი მისით მოდის, ფრაზა „ჩემი შვილია“ თავისთავად არ გულისხმობა ჩემს საკუთრებას. თითოეული პიროვნება ინდივიდია, ოჯახი კი სწორედ ამ ინდივიდებისაგან შედგება, ოჯახი უნდა იყოს თავისუფლად მოაზროვნე დამოუკიდებელი და განსხვავებული ინდივიდებისაგან შემდგარი სოციუმი, სადაც მშობლებმა შვილებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ თავისუფალი აზროვნება და დამოუკიდებლად ცხოვრების სტანდარტები.

მცნება N3

“შეგიძლიათ მათ სხეულს მისცეთ თავშესაფარი, მაგრამ არა მათ სამშვინველთ, რადგან მშვინვიერება მათი ხვალინდელის სახლში ბინადრობს, სადაც თქვენ ოცნებითაც ვერ შეხვალთ.”

ყველა თაობაზე ყოველთვის მოისმენთ თუ რა “ცუდი თაობა მოდის”, სადაც აწმყო თაობა არაფრით არ ჰგავს წინამორბედს მთელი თავისი პოზიტიური თუ კეთილი აურით და ნურც ნურასოდეს გვექნება იმედი, რომ ერი ოდესმე დაკარგავს ამ შეგრძნებას, (Generation gap) ჩვენ ყოველთვის გვექნება გასამართლებელი საბუთი თუ რატომ უნდა დავიმსგავსოთ ჩვენი მომავალი თაობა, და რატომ უნდა ვემსგავსოთ ჩვენს წინამორბედებს და ასე უსასრულოდ. მაშინ როცა „აწმყო შობილი წარსულისაგან (სამართლიანად) არის მშობელი მომავლისა“.

მცნება N4

“შეგიძლიათ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ მათ ვერ დაიმსგავსებთ, რადგან სიცოცხლე გუშინდელ დღეზე ვერ შეყოვნდება.”

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, შვილის მამაზე მჯობინობის პერსპექტივა. რაც ქმნის ერთგვარ საფუძველს იმისას, რომ ყოველი დღე უკეთესი იყოს წინა დღეზე, მომავალი უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე წარსული, შვილი მეტად საამაყო იყოს ვიდრე მისი მშობელია, უკეთესი და მეტად დამოუკიდებელი თაობის აღზრდას შევუწყოთ ხელი, ვიდრე ახლაა, ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, ვიდრე გვქონდა წინა ხელისუფლების დროს, შავ-ბნელი 90-იანების დროს და იმაზე უკეთესიც, როცა სიმწრით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რადგან სიცოცხლე გუშინდელ დღეზე ვერ შეყოვნდება.” თაობა, რომელიც მხოლოდ წარსულით საზრდოობს, მას არც ისე სახარბიელო მომავალი ექნება.

მცნება N5

“თქვენ მშვილდები ხართ, წინ ნატყორცნი ისრები კი შვილები არიან თქვენი.”

ხშირად მოისმენთ მშობლების დარდს, წუხილს, შიშს, რომ მათ შვილს მარტო ცხოვრება სურს, არადა როგორ გაართმევს თავს, მან ხომ სულ მცირე ისიც არ იცის როგორ ირთვება სარეცხი მანქანა, დიდი ხნით სამოგზაუროდ წასვლა უნდა, რა ვიცით, რამდენი ფათერაკი და არაკეთილისმსურველი შეხვდება გზაზე, რომ მათი შვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ და გასამგზავრებლად ემზადება თუნდაც სამუდამოდ, ვინ იცის იქნებ აღარც დაბრუნდეს არასოდეს. სწუხან და მოთქვამენ დაუსრულებლად. მშობლის შვილისადმი დარდი ბუნებრივი დამოკიდებულება და მოვლენაა, მაგრამ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! სინამდვილეში მშობლებს ხშირად ეშინიათ მიტოვებისა და მარტო დარჩენის. ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ შვილი ვალდებულია მშობელზე იზრუნოს, ამ უკანასკნელმა ხომ ერთხელ გასწია ჯაფა და ყველაფერი შეალია თავის შვილს, სინამდვილეში მშობლისა და შვილის დამოკიდებულება უბრალოდ უწყვეტი ჯაჭვია. შვილის ზრუნვა მშობელზე მისი კეთილი ნების გამოვლინებაა და არა ვალდებულება, ვალდებულება მაშინ არის ვალმოხდილი როცა შვილი მის შთამომავალში ჩადებს იგივე ჯაფას, რაც მისმა მშობელმა თავის დროზე ჩადო მასში. ამიტომ მიეცით შვილებს არჩევანის საშუალება, ნუ დაავალდებულებთ მათ ადრეულ ასაკშივე, მიეცით საშუალება იპოვნონ ცხოვრებაში საკუთარი თავი, რადგან “ჯერ უნდა იპოვო და მოათვინიერო საკუთარი ცნობიერების ხარი, შემდეგ მიატოვო და ჩაწვდე სიცარიელეს, ხოლო როცა სიცარიელეს შეიცნობ, შეიცნობ ყველაფერს.” (კერუაკი) გამოსტყორცნეთ ისარი, იქნებ თქვენ თვითონვე ხართ მშვენიერი მშვილდი.

მცნება N6

“მშვილდოსანი უსასრულობაშიც ხედავს მიზანს და თავისი ძალით გღუნავთ, რათა ისრები სწრაფად და შორს გასტყორცნოს.”

ჩვენი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ისევევე მკაფიოდ დავინახოთ „უსასრულობაში“ ჩვენი მომავალი და მიზნები, როგორც ამას გვიჩვენებს ჯიბრანის  რჩევით გატყორცნილი ისარი. რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი და სად გადის პიროვნული დამოუკიდებლობის ზღვარი იმ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს შორის რაც მათ საკუთარი თავის მიმართ, მშობლებისა თუ მომავალი შვილებისათვის აქვთ. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის ვერ მიღწევის 3 ფუნდამენტური პრობლემა დგება: პირველი ასეთი დამოუკიდებლობა ფინანსური დამოუკიდებლობაა, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა (66%-ზე მეტი) დაუსაქმებელია, ოფიციალური მონაცემებით ასეთი დაახლოებით 12%-ია, (11.8% საქ-სტატი) რადგან თანამედროვე ეკონომიკური მიდგომები თვითდასაქმებულ ადამიანს უმუშევრად აღარ თვლის, ანუ სტუდენტი, რომელიც მათემატიკაში ამზადებს სკოლის მოსწავლეებს და მათგან შესაძლოა სულ რაღაც 200-300 ლარის სარგო იღებდეს თვეში, სახელმწიფო მას განიხილავს როგორც დასაქმებულ ადამიანს. მაშინ როცა დაუსაქმებლობის პროცენტული მაჩვენებლებითა და ასეთივე თანამედროვე ეკონომიკური სტრანტარტებით  ოდნავ ვუსწრებთ საფრანგეთს (11%)

ყოველთვის ვემხრობოდი იდეას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დარაჯი და არა ძიძა, მაგრამ რთულია იყო მოშლილი სისტემის დარაჯი იმ ქვეყანაში, სადაც კონკურენციის სასტარტო პირობებიც კი შელახულია. სახელმწიფო არ ქმნის კეთილდღეობის საფუძველს, როცა ამ უკანასკნელს შეუძლია ქვეყანაში შექმნას დამოუკიდებელი და ძლიერი საშუალო კლასი.

მეორე ძირეულ მიზეზს წარმოადგენს “ორდიპლომიანი საზოგადოება”, მაგრამ ხშირად დიპლომთა რაოდენობა სრულებითაც არ განსაზღვრავს განათლების ხარისხს, ისევე როგორც განათლებაში გადახდილი თანხა ხშირად არ არის პირდაპირპროპორციული მიღებული განათლების ხარისხისა. გერმანიაში სწავლა უფასოა და იქ მიღებული განათლებით შეგიძლიათ ბევრს გაუწიოთ კონკურენცია. მაგრამ თუ ჰარვარდში გადაიხდით რამდენიმე ათას დოლარს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მიღებული განათლებით ნამდვილად არსად დაიკარგებით, შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხედულება, თითქოს განათლებაში, რომელშიც ფულს არ ვიხდით და ის უფასოა, უვარგისია- დასაწყისშივე მცდარია. ასეთი შეხედულება ძირითადად ამართლებს მესამე დონის ქვეყნებისათვის, სადაც ხშირად სწავლაში გადახდილი ფულიც ვაია და უსწავლელობაც ვუი. მითუმეტეს თუ დიპლომი მხოლოდ სადედამთილოსათვის საჩვენებელ მოწმობას წარმოადგენს ან სულაც “ტეხავს” უდიპლომო სასიძოდ ყოფნა. საქართველოში არსებულ მაღალ საგანმანათლებლო გადასახადს, თან ახლავს უხარისხო განათლება, იმედგაცრუება და ამ ყველაფერთად ერთად ოფლით ნაშოვნი ფულადი სახსრები. დამოუკიდებლობამდე გასავლელი მესამე და ფუნდამენტური საკითხი ისევ და ისევ მშობლისა და შვილის დამოკიდებულებას ეხება, ჩვეულება, რომ რჯულზე უმტკიცესია დიდი ხანია გავითავისეთ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დაუზარავად უნდა ვარჩინოთ ზრდასრულ ასაკს მიღწეული გოგონები თუ ვაჟები, ბოლოს ისე შემოგვეზრდებიან ხელში, რომ გვიჭირს მეტი სიცხადით განვუმარტოთ, რომ 40 წლის ასაკში მშობლის კმაყოფაზე ცხოვრება სირცხვიალია. ბოლოს კი ვითავისებთ იმ აზრს, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია არ წვდება ოჯახის ხარჯებს. (არადა პენსია მართლაც მცირეა) იცით რამდენი “ემიგრანტი ემსხვერპლა” თუნდაც ზრდასრული შვილის გამო სამშობლოდან გადახვეწას? არავინ არ არის ვალდებული გარჩინოთ სიცოცლის ბოლომდე და არც თქვენ ხართ ღირსი ვინმემ გაგწიროთ ამ სასჯელისათვის, თუ რა თქმა უნდა ადამიანი შრომისუნარიანია. ნუ დაგეზარებათ, მონეტას მეორე მხრიდანაც შეხედოთ. მიუხედავად მოწოდებისა, რომ შვილებს მიანდოთ საკუთარი ცხოვრება ადრეული ასაკიდან ძნელია, რადგან ძალიან რთულია გამოსტყორცნო შვილი ვითა ისარი, მაშინ როცა არც მიმართულება იცი და არც ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობიდან მობერილი ქარი.

და ბოლოს,

მცნება N7

“დაე, ღუნს თქვენსას მშვილდოსნის ხელში სიხარული მოჰქონდეს, რადგან მშვილდოსანს ერთნაირად უყვარს მშვილდიც და ისარიც, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება.

დატოვე კომენტარი