გოგა აფხაზეთიდან – ქართველი სტუდენტის ამერიკული ოცნება [ბლოგი]

“ნუ იბრძვით იმისთვის, რომ გახდეთ ვინმეზე უკეთესი, თქვენს თავზე უკეთესი უნდა გახდეთ”, – გოგა კათალანაძე. გოგა ქათალანძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. გაწევრიანებულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში და აქტიურადაა ჩართული მათ საქმიანობაში. ცდილობს თავისი თავი სხვადასხვა გრანტებისა და სტიპენდიების საშუალებით განავითაროს, რომელთა მეშვეობითაც უკვე იმყოფებოდა 7-ზე მეტ […]

“ნუ იბრძვით იმისთვის, რომ გახდეთ ვინმეზე უკეთესი, თქვენს თავზე უკეთესი უნდა გახდეთ”, – გოგა კათალანაძე.

გოგა ქათალანძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. გაწევრიანებულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში და აქტიურადაა ჩართული მათ საქმიანობაში. ცდილობს თავისი თავი სხვადასხვა გრანტებისა და სტიპენდიების საშუალებით განავითაროს, რომელთა მეშვეობითაც უკვე იმყოფებოდა 7-ზე მეტ ქვეყანაში. ამჟამად კი ამერიკაში, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Wayne State University) ატარებს გაზაფხულის სემესტრს.

გოგამ თავისი წარმატების გზის შესახებ Edulab.Ge-ს მოუთხრო.

დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, გალის რაიონში, საშუალო განათლებაც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მივიღე, თუმცა ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებ. პირველი სემესტრი უნივერსიტეტში ადაპტაციას დაეთმო, ახალი ადამიანების გაცნობას, ახალ გარემოსთან და საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და შეგუებას. თუმცა გააზრებული მქონდა, რომ წარმატების მისაღწევად იმაზე უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო, ვიდრე მე ვაკეთებდი. დავიწყე მუშაობა სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ მივატოვე, – მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო და არანაირად არ ეხებოდა ჩემს სპეციალობას, ამიტომაც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შესწავლას შევუდექი და გავწევრიანდი ორგანიზაციაში – Institute for Democratic Changes (IDC), რომელიც საკმაოდ საინტერესო საკითხებს განიხილავდა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, კონფლიქტების მოგვარება და ასე შემდეგ. ამ ორგანიზაციით ვიმყოფებოდი საფრანგეთში, სადაც შევხვდით აფხაზ ახალგაზრდებს და ჩვენ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების სამომავლო გეგმები განვიხილეთ. შემდეგ ამავე ორგანიზაციით ვიმყოფებოდი სომხეთში, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში. ამ ორგანიზაციის წევრი დღესაც ვარ და ვცდილობ მის ფუნქციონირებაში მეც გარკვეული წვლილი შევიტანო. ერთი თვის წინ, მოხალისედ გავწევრიანდი ორგანიზაციაში – International Center of Peace and Integration (ICPI), რომელიც მე და ორმა ქართველმა ახალგზარდამ წარვადგინეთ 2017 წლის დეკემბერში თურქეთში, სადაც უცხოელ მონაწილეებს წარვუდგინეთ საქართველოში მიგრაციის მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები პრეზენტაციის სახით. ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობა უნივერსიტეტის გარეთ, ვცდილობ ვიპოვო გრანტები და სტიპენდიები, რომ მაქსიმალურად განვვითარდე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან ბევრ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული. როდესაც აფხაზეთში სკოლას ვამთავრებდი, აფხაზეთის, ე.წ. „ხელისუფლების“ მხრიდან მქონდა შემოთავაზება, წავსულიყავი რუსეთში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად, რაც გარანტირებულად სახელმწიფო სფეროში საქმიანობასა და მაღალ ხელფას მოიაზრებდა, თუმცა ამისათვის რამდენიმე პირობა უნდა დამეკმაყოფილებინა. პირველ რიგში, სწავლის პირველი წელი უნდა გამეტარებინა სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა მეთქვა უარი, მესამე, მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ უნდა მემუშავა აფხაზეთის „სახელმწიფო“ სტრუქტურებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქართულ პოლიტიკას. თუმცა იყო მეორე დაბრკოლებაც, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ჩემი შესაძლებლობების მიმართ. განათლება სკოლაში რუსულ ენაზე მივიღე და, ვფიქრობდი, რომ სხვა ქართველ აბიტურიენტებს ვერ გავუწევდი კონკურენციას. მიუხედავად ყველაფრისა, გადავწყვიტე, ჩამებარებინა თბილისში და ეროვნული გამოცდების შედეგად, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მოვხვდი, ჩემთვის სასურველ სპეციალობაზე, სრული დაფინანსებით. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

პოლიტიკის მეცნიერება და ზოგადად პოლიტიკა სულ მაინტერესებდა. ძალიან მომწონს სწავლის დონე თსუ-ში, რადგან ნამდვილად ღრმა ცოდნას ვიღებ პოლიტიკის შესახებ, თუმცა ჩემი სამომავლო გეგმები რეალურ პოლიტიკას არ უკავშირდება, მინდა დიპლომატიურ სფეროში ჩავერთო, საელჩოების ფუნქციონირებაში, კონფლიქტების შესწავლაში.

სხვადასხვა პროექტებით დაინტერესება სკოლის პერიოდიდან დავიწყე, თუმცა ისინი ლოკალური ხასიათის იყო, რადგან მაშინ საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის საშუალება არ მქონდა. გალის რაიონშიც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას, მათი წარმატებული მომავლის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, ამისათვის სხვადასხვა პროექტებს აკეთებდა, ძირითადი ნაწილი ქალთა უფლებების დაცვას ეხებოდა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებს, განათლებას და ასე შემდეგ. უამრავი პროექტი იყო, რომელიც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს ახვედრებდა ერთმანეთს და ისინი სხვა კუთხით უყურებდნენ შემდგომ ქართველ მოზარდებს, უფრო დადებითი დამოკიდებულება უჩნდებოდათ ჩვენდამი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონფლიქტის მოსაგვარებლად.
2016 წელს აფხაზური ენის კონკურსში სამ ნომინაციაში გავხდი გამარჯვებული, ასევე ვთარგმნიდი აფხაზური ენიდან ნაწარმოებებს ქართულ ენაზე და 2013 წელს მეორე ადგილი ავიღე თბილისში ლიტერატურულ კონკურში. მოხალისედ ვმუშაობდი DRC-ში (Danish Refugee Council) თარჯიმნად, ბარსელონიდან ჩამოსულ სტუდენტს ვეხმარებოდი სამაგაისტრო ნაშრომის დაწერაში და თარგმნა მიწევდა რუსულიდან-ინგლისურ და მეგრულიდან-ინგლისურ ენაზე.

UGRAD-ის კონკურსის შესახებ შევიტყვე ერთ-ერთ ვორქშოპზე, რომელიც „განათლება ამერიკაში“(EducationUSA) ორგანიზაციამ ჩაატარა თბილისში, როდესაც ახალი ჩაბარებული მქონდა უნივერსიტეტში. გადავწყვიტე, რომ გამეგზავნა აპლიკაცია და მეცადა ბედი, თავიდანვე პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, რადგან, ვიცოდი რომ ამ პროგრამაში უამრავი წარმატებული ახალგაზრდა მიიღებდა მონაწილეობას, რომელთაც კონკურენციას ვერ გავუწევდი, თუმცა მაინც დავიწყე დოკუმენტაციის შეგროვება. მოვახერხე დამეწერა სამოტივაციო წერილი, ორი რეკომენდაცია, ესე და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ავტვირთე პროგრამის პორტალზე. ორი თვის შემდეგ, ამერიკის საელჩოსგან მივიღე წერილი, რომ მეორე, ინტერვიუს ეტაპზე ვიყავი გადასული. ინტერვიუ საელჩოში ჩატარდა, კითხვები გრანტს ეხებოდა, უნდა მეპასუხა კითხვაზე – რატომ მსურდა ამ პროგრამაში გამარჯვება. რა თქმა უნდა, ვინერვიულე, ეს ჩემი პირველი საგრანტო გასაუბრება იყო. ერთ კვირაში, სამწუხაროდ, მომივიდა შეტყობინება, რომ მოვხვდი რეზერვში საკმარისი ბიუჯეტის არ ქონის გამო. გული დამწყდა და ვიცოდი, რომ რეზერვული მონაწილიდან ფინალისტი ვერ გავხდებოდი და გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი მეშრომა, რათა შემდეგ წელს ეს პროგრამა ისევ მეცადა. გავიდა დაახლოებით 8 თვე და საელჩოდან მივიღე წერილი, რომ დამატებითი დაფინანსება მოუვიდათ და სურდათ, რომ მესამე ტურში გადავსულიყავი, რაც TOEFL-ის ტესტის ჩაბარებას მოიაზრებდა, ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ამერიკის საელჩომ მე და რეზერვში მყოფ კიდევ ორ მონაწილეს გაგვიკეთა სიურპრიზი და თავად ელჩმა გვაცნობა რომ ფინალისტები ვიყავით.

მე მოვხვდი მიჩიგანში, დეტროიტი, ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Wayne State University, Detroit, MI). აქაც ვსწავლობ პოლიტიკის მეცნიერებას, ძალიან მომწონს გარემო, რა თქმა უნდა ის განსხვავდება ძალიან საქართველოსგან, თუმცა განათლების დონე არის ძალიან მაღალი, რითაც კმაყოფილი ვარ. ამერიკელები უცხოელ სტუდენტებს ეხმარებიან და გვერდში უდგანან. თავიდან ცოტა გამიჭირდა ინგლისურად სწავლა, თუმცა, ფაქტობრივად, უკვე ერთი თვეა რაც აქ ვარ და შევეჩვიე აქაურობას. იმედია, ასეც გაგრძელდება მაისამდე, სანამ საქართელოში დავბრუნდები.

ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზრდებოდი და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, არ მქონდა საკმარისი რესურსი, ჩემით მიწევდა თავის გადატანა, არ გვქონდა რაიონში ბიბლიოთეკა, ინტერნეტი არ იყო ძლიერი, ამიტომაც მიწევდა სულ მეტი და მეტი მეშრომა, რომ იმ დონზე ვყოფილიყავი, რა დონეზეც იყვნენ სხვა ბავშვები საქართველოში, რათა მათთვის კონკურენცია გამეწია. უამრავი შრომის ჩადება და ღამეების გათენება მიწევდა, რომ ჩემი თავი განმევითარებინა.
რაც შეეხება მარცხს, ალბათ ჯერ არ მქონია დიდი მარცხი, თუმცა ჩემთვის პატარა წარუმატებლობაც მარცხია, რომელიც დიდ მოტივაციას მაძლევს. არ მინდა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ყველა გრანტზე და სტიპენდიაზე დადებითი პასუხი მომდის, რა თქმა უნდა, არა, ათობით სტიპენდიისგან მივიღე უარი, ბევრ მათგანში ვიყავი რეზერვში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, რომ გამეგრძელებინა წარმატებისკენ სწრაფვა.

ზუსტად ჩამოყალიბებული გეგმები არ მაქვს, რა მინდა გავაკეთო მომავალში, თუმცა ჩემი უდიდესი სურვილია, რომ დიპლომატიურ სფეროში აღმოვჩნდე, საელჩოების საქმიანობაში ჩავერთო და საქართველო წარვადგინო საერთაშორისო არენაზე. ყოველთვის მაინტერესებდა კონფლიქტების კვლევა და ალბათ ჩემი მოღვაწეობა ამ მიმართულებითაც წავა, რადგან მე თვითონ გამოვიარე კონფლიქტურ გარემოში განათლების მიღებისა და ცხოვრების გზა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო დამეხმარება, რომ გავხდე ამ სფეროში წარმატებული და ყველასი თუ არა, რამოდენიმე კონფლიქტის მოგვარება მაინც მოვახერხო მსოფლიოში, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უტოპიურადაც ჟღერდეს.

არ არსებობს, რაიმე კონკრეტული გზა მიაღწიო წარმატებას, არ არსებობს ფორმულა. წარმატება დამოკიდებულია ჩვენზე და ჩემი აზრით იმისათვის, რომ მას მივაღწიოთ უნდა ვიშრომოთ ძალიან ბევრი, უნდა გავაკეთოთ ბევრი და დავხარჯოთ ენერგია, რათა მივიღოთ ის, რაც გვინდა. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს მუშაობს, თუ შენ დიდ შრომას ჩადებ რაიმე საქმიანობაში წარმატება არის გარანტირებული. მე არასდროს არ მჯეროდა ბედ-იღბალის და არც ახლა მჯერა. თუ მე რაღაცას ვერ მივაღწიე, ამას ჩემს ბედს ვერ დავაბრალებ, უნდა იცხოვრო იმ აზრით, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, აი, მაშინ მოვა ნამდვილი წარმატება.

თანატოლებს ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ, თუ მათთვის მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, მათ ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთონ, ხანდახან რთულია, ხანდახან არ გამოგვდის, მაგრამ უნდა ვცადოთ, უნდა გავაკეთოთ კიდევ და კიდევ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ. თავის დანებება და მობეზრება ძალიან ბევრ ადამინს საკუთარ ოცნებებზე ათქმევინებს უარს. არასდროს არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვა ადამიანს, ნუ იბრძვით იმისთვის რომ გახდეთ ვინმეზე უკეთესი, თქვენს თავზე უკეთესი უნდა გახდეთ. დაისახეთ მიზანი, გქონდეთ მოტივაცია და ყველაფერი გამოვა.

გოგა ქათალანძეს ბლოგი

დატოვე კომენტარი